საქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-4 შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრს სხვადასხვა ლიდერთან კომუნიკაციის შესაძლებლობა ჰქონდა. ვფიქრობ, სამიტის გახსნაზე იყო ძლიერი გზავნილი და კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ევროპული ოჯახის კონსოლიდაციისა და ერთიანობის მნიშვნელობას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გაერთიანებულ სამეფოში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ფორმატი არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომლითაც საქართველო ცდილობს, უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროპულ ოჯახს.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება გაერთიანებულ სამეფოში. ჩვენ გვახსოვს, რომ აღნიშნული პლატფორმა შეიქმნა პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით და ემსახურება მთავარ მიზანს, რომ ქვეყნები, რომლებიც მიისწრაფვიან ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და არიან ევროპული ოჯახის წევრები, უფრო მეტად დაახლოვდნენ. ეს არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომლითაც საქართველოც ცდილობს, უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროპულ ოჯახს, ევროკავშირს. ჩვენ ცალკე, ინდივიდუალური, ორმხრივი ფორმატი გვაქვს ევროკავშირთან, რომელიც არის მთავარი ხაზი ჩვენი ევროინტეგრაციის, თუმცა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პლატფორმა არის ჩვენთვის ერთ-ერთი სასარგებლო მექანიზმი, რათა საქართველომ გააგრძელოს წარმატებული ევროპული ინტეგრაცია.
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა სხვადასხვა ლიდერთან კომუნიკაციის შესაძლებლობა. გახსნის ღონისძიებაზე ერთ-ერთი მთავარი თემა იყო უკრაინა და ის გამოწვევები, რომლებიც გვაქვს უსაფრთხოების თვალსაზრისით. ვფიქრობ, იყო ძლიერი გზავნილი და კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ევროპული ოჯახის კონსოლიდაციის და ერთიანობის მნიშვნელობას“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პრემიერ-მინისტრმა სხვადასხვა ლიდერთან ერთად მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატში, რომლის მთავარი თემა იყო ენერგეტიკა და დაკავშირებადობა.
„მრგვალი მაგიდის ფორმატში პრემიერ-მინისტრი მონაწილეობდა სხვადასხვა ლიდერთან ერთად. საკითხი ეხებოდა ენერგეტიკას და დაკავშირებადობას და საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაწილე ამ პროცესის, ერთი მხრივ, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის თვალსაზრისით და, მეორე მხრივ, ჩვენი როლის კუთხით, იმისთვის, რომ ეფექტურად შევძლოთ აღმოსავლეთის და დასავლეთის დაკავშირება. საუბარი შეეხო სხვადასხვა მსხვილ და საშუალო ენერგოპროექტს. მათ შორის საკითხი შეეხო შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელის პროექტს, რომელიც აუცილებლად მოემსახურება ევროპისთვის ენერგოდივერსიფიცირებას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ საქართველომ ჩამოიტანა კონკრეტული ინიციატივები, რა შეიძლება, მოხვდეს საბოლოო დოკუმენტში, რომელსაც შეაჯერებენ დღევანდელი ღონისძიების მონაწილეები. ის საკითხები, რომლებიც ჩვენთვის საინტერესოა და რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ, აქაც მიმდინარეობს ამაზე მუშაობა და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ინიციატივები და ხედვები შესაბამისად იქნება დოკუმენტებში ასახული. ამაზე მიმდინარეობს მუშაობა. მთავარი გზავნილია, რომ ქვეყნები ცდილობენ, მაქსიმალურად მოახდინონ კონსოლიდაცია და ასევე უზრუნველყონ ენერგორესურსების დივერსიფიცირება, რათა არ იყოს ერთ რომელიმე ქვეყანაზე დამოკიდებულება“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, გაერთიანებულ სამეფოში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნით პლენარულ სესიას დაესწრო, რომელსაც ბლენჰაიმის სასახლე მასპინძლობს.