აქტუალური
ჩინეთის ელჩი: ანაკლიის პორტი გააძლიერებს საქართველოს ტრანსსასაზღვრო სატრანსპორტო შესაძლებლობებს

 საქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. გვჯერა, რომ ანაკლიის პორტი გახდება ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის სიმბოლური მნიშვნელობის პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს სტატუსს ევრაზიის კავშირსა და ვაჭრობაში, გაზრდის საქართველოს მიმზიდველობას საერთაშორისო ინვესტიციებისთვის, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

მისი თქმით, ანაკლიის პორტი შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილია და შეუძლია, კიდევ უფრო გააძლიეროს სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობა ევრაზიის რეგიონში.

მას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩინეთისთვის, საქართველოსა და შუა დერეფნის გასწვრივ მდებარე ქვეყნებისთვისაც. ამჟამად ჩინეთი, საქართველო, ევროპა და ახლომდებარე ყველა მხარე დადებითადაა განწყობილი შუა დერეფნის განვითარების მიმართ, რამაც მნიშვნელოვანი საფუძველი ჩაუყარა მის სამომავლო განვითარებას. საქართველო აკავშირებს ევროპასა და აზიას, აქვს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა და ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ გახდეს რეგიონული ჰაბი. ანაკლიის პორტი კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს ტრანსსასაზღვრო სატრანსპორტო შესაძლებლობებს, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის“, – განაცხადა ჩინეთის ელჩმა.

მისი თქმით, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც გამოეხმაურა „სარტყელისა და გზის ინიციატივას“ ბოლო ათი წლის განმავლობაში.

ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა განუწყვეტლივ ღრმავდება და თვალსაჩინო შედეგებს აღწევს. გვჯერა, რომ ანაკლიის პორტი გახდება ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის სიმბოლური მნიშვნელობის პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს სტატუსს ევრაზიის კავშირსა და ვაჭრობაში და გაზრდის საქართველოს მიმზიდველობას საერთაშორისო ინვესტიციებისთვის. ჩინურ მხარეს სურვილი აქვს, გააძლიეროს კომუნიკაცია და თანამშრომლობა „სარტყელისა და გზის“ გასწვრივ მდებარე ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან და ასევე, ევროკავშირთანაც; ხელი შეუწყოს „სარტყელისა და გზის ინიციატივასა“ და შუა დერეფანს შორის თავსებადობას; გააუმჯობესოს რესურსების განაწილება, გააძლიეროს საბაზრო თანამშრომლობა; ასევე, სურვილი აქვს, რომ უკეთ გამოიყენოს შუა დერეფანი, მუდმივად გააუმჯობესოს რეგიონული სატრანსპორტო ეფექტურობა და უფრო ძლიერი ბიძგი მისცეს რეგიონულ, ეკონომიკურ, სავაჭრო და სოციალურ განვითარებას. რა თქმა უნდა, ჩინური მხარე დაინტერესებულია ამ პროექტით და ის დიდ გავლენას იქონიებს ორი ქვეყნის ურთიერთობაზე“, – აღნიშნა ჩინეთის ელჩმა.