აქტუალური
ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა

 საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. ტაილანდში საქართველოს მოქალაქეებითვის უვიზო რეჟიმი 15 ივლისიდან ამოქმედდა, იუწყება ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ტაილანდის ხელისუფლებამ, ქვეყნის ტურიზმისა და ეკონომიკის გასაძლიერებლად, ახალი სავიზო ზომები გამოაცხადა, რომელიც 2024 წლის 15 ივლისს შევიდა ძალაში.

ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 60-დღიანი უვიზო რეჟიმი 93 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესდა.

ტელეკომპანია „იმედის" ინფორმაციით, ტაილანდის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერის ტრაისული ტრაისორანაკულის განცხადებით, სავიზო პოლიტიკის განახლება მიმართულია მეტი უცხოელი ვიზიტორის მოსაზიდად, მათ შორის, მოგზაურობის ხელშეწყობისთვის.

მანამდე ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლა გაამარტივა. 2019 წლის 14 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ ვიზა უკვე ჩასვლისას (Visa on Arrival) საზღვარზე აეღოთ და ქვეყანაში 15 დღის ვადით დარჩენილიყვნენ.

ჯერჯერობით ქართველი ტურისტები ტაილანდში იშვიათად ჩადიან. ერთი მხრივ, ეს უკავშირდება საქართველოში ამ ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის, მეორე მხრივ, პირდაპირი რეისების არარსებობას. ვიზის მისაღებად ქართველ ტურისტებს მეზობელ ქვეყნებში - თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში გამგზავრება უწევთ.

საქართველომ და ტაილანდმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 ივნისს დაამყარეს. ბოლო წლებში ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები აქტუალური გახდა. გაიმართა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების წარმომადგენელთა ოფიციალური სამუშაო შეხვედრები ბანგკოკსა და თბილისში. ურთიერთობები განსაკუთრებით ეკონომიკის სფეროში ვითარდება.