საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ „ქართულ ოცნებას“ ერთადერთი მიზანი ამოძრავებს – მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივნმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ პარტიის ახალი ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, „ქართული ოცნების“ მიზნები და ამოცანები უცვლელია – ქვეყნის ინტერესების დაცვა და საქართველოს მომავალი გამარჯვებები.
„ჩვენი მიზანია საქართველოს გამარჯვება და არა ვინმეს დამარცხება!“ – ეს სიტყვები „ქართული ოცნების“ დაფუძნებელმა მაშინ წარმოთქვა, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ პირველად შეიტყო „ქართული ოცნების“ შესახებ და ქვეყნის გამარჯვების სურვილით გაერთიანდა ბიძინა ივანიშვილის გუნდის გარშემო. დღესაც, როდესაც „ქართული ოცნება“ მორიგი არჩევნებისთვის ემზადება და ახალ პარტიულ ოფისს ხსნის, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ერთადერთი მიზანი ამოძრავებს „ქართულ ოცნებას“ – მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ, საქართველოს გამარჯვებისთვის! „ქართული ოცნება“ არ იბრძვის ვინმეს დასამარცხებლად, ჩვენ ვიბრძვით საქართველოს გამარჯვებისთვის, ევროპული მომავლისთვის, ძლიერი, წარმატებული ქვეყნის აწმყოსა და მისი ხვალინდელი დღისთვის, ჩვენი უნიკალური კულტურის, წეს-ჩვეულებების, ტრადიციების დაცვისა და შენარჩუნებისთვის, ნიჭიერი ახალგაზრდა თაობის ხელშეწყობისა და მათი შესაძლებლობების განვითარებისთვის, ეკონომიკური წინსვლისთვის, საქართველოს გაერთიანებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ საარჩევნო კამპანია და ახალი ცენტრალური ოფისი ოფიციალურად გახსნა.