საქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. 11 ივლისს გადაცემა “იმედის კვირისთვის” მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 14 ივლისს გამოქვეყნდა მთავარ პროსამთავრობო არხ ტვ იმედზე, მისმა მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ, კონსტიტუციაში ევროპული ინტეგრაციის მისწრაფებების შესახებ ჩანაწერის არსებობა გააკრიტიკა. „ჯერ რატომ წერია იმ კონსტიტუციაში? [კონსტიტუციის 78-ე მუხლი ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ.] საერთოდ სისულელეა, მე თუ მკითხავ, და არ უნდა ჩაგვეწერა…”
2017 წელს მიღებული საქართველოს კონსტიტუციის გარდამავალი დებულებების 78-ე მუხლის თანახმად, “კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად”.
მან ასევე დააკნინა ის მნიშვნელობა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ევროპულ ინტეგრაციას ანიჭებენ. „ხდება აპელირება იმაზე, რომ 80 პროცენტს საქართველოს მოსახლეობის უნდა ევროკავშირში შესვლა. ეს ალბათ ასეა, მაგრამ… იგივე NDI-ს კვლევებში, საიდანაც ეს ციფრები ამოვიდა, როცა ლაპარაკობენ მნიშვნელოვან საკითხებზე, მხოლოდ 2 პროცენტს მიაჩნია… მნიშვნელოვანი საკითხების სიაში რომ იყოს ეს”.
მისი შეფასებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ისეთი საკითხები, როგორიცაა სიღარიბის აღმოფხვრა, ჯანდაცვა, განათლება, დასაქმება, ტერიტორიული მთლიანობა უფრო მნიშვნელოვანია.
ირაკლი რუხაძეს “ქართული ოცნების” დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან ბიზნეს პარტნიორობის ისტორია აკავშირებს. 2021 წელს, Media Finance Group B.V.-მა, რომლის თანამფლობელიც რუხაძეა, ინა გუდავაძისაგან შეიძინა კომპანია Georgian Media Group, რომელიც თავის მხრივ ტვ იმედს ფლობს. გუდავაძე გარდაცვლილი მაგნატის, ბადრი პატარკაციშვილის მეუღლეა. პატარკაციშვილმა ტვ იმედი 2003 წელს დააფუძნა.