საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა

 საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, უზრა ზეიას შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა უზრა ზეიასთან ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები განიხილა.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის ევროპულ მომავალზე საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველო არასოდეს იყო და არასოდეს იქნება პრორუსული, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის უალტერნატივო არჩევანი ქვეყნის ევროპული გზაა.

საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს მადლობა გადაუხადა საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან, ათეული წლების განმავლობაში სხვადასხვა სფეროში ქვეყნის განვითარების მტკიცე მხარდაჭერისათვის.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო მომავალ საპარლამენტო არჩევნებს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, არჩევნებზე იქნება საზოგადოების სრული მობილიზაცია, არასამთავრობო სექტორის, ახალგაზრდების და ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დაადასტურებს საკუთარ ევროპულ არჩევანს.

შეხვედრაზე ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განხილვისას საუბარი შეეხო სამხედრო წვრთნების გადადებას და მის შესაძლო შედეგებს. განხილულ იქნა „ქართული ქარტიის“ მნიშვნელობა, რომელიც წარმოადგენს პრეზიდენტის მიერ შედგენილ სამოქმედო გეგმას, რათა უმოკლეს ვადაში შესრულდეს ევროკავშირის რეკომენდაციები. ქარტიაზე ხელმომწერმა პარტიებმა აიღეს პასუხისმგებლობა, რათა შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები, საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის ევროპული გზის ლიდერობისათვის და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი იმის დადასტურებაა, რომ ამერიკისათვის მნიშვნელოვანია ქართველ ხალხთან სიღრმისეული პარტნიორობა და აშშ კვლავაც გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას. მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების საკმაო გამოწვევებით აღსავსე ანტიდემოკრატიულმა ცვლილებებმა საფრთხის ქვეშ ჩააგდო ქვეყნის ევროატლანტიკური გზა, რომელიც ქართველის ხალხის ნებას გამოხატავს“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.