პოლიტიკა
ილია დარჩიაშვილი: მიხარია, რომ საქართველოს დროშა ძლიერი პარტნიორების ალიანსშია წარმოდგენილი

 საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ნატო-ს საიუბილეო 75-ე სამიტისადმი მიძღვნილ მიღებაში, რომელიც ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტის სახელით გაიმართა.

საზეიმო მიღებაში მონაწილეობდნენ ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები და ორგანიზაციის პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი აღნიშნულ ღონისძიებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

ჩემთვის დიდი პატივია, რომ მონაწილეობას ვიღებ ნატო-სამიტის 75-წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებაში, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენის სახელით იმართება. მიხარია, რომ საქართველოს დროშა ძლიერი პარტნიორების ალიანსშია წარმოდგენილი“, – წერს დარჩიაშვილი სოციალურ ქსელ X-ის პირად გვერდზე.