პუბლიკაციები
სააკაშვილის და მისი თანამოაზრეების მოწინააღმდეგეებმა საზოგადოებრივი მოძრაობა დააფუძნეს

 საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების ოპონენტებმა საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ დააფუძნეს, რომელიც ერთ წელში პარტიად გარდაიქმნება და მონაწილეობას მიიღებს 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

იგი დააარსა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა და თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ვატო შაქარიშვილმა. მოძრაობის დამფუძნებელი ჯგუფის წევრები არიან საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ყოფილი პოლიტპატიმარი ბიძინა გიორგობიანი, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე, ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი და ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

მივიღეთ გადაწყვეტილება ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც არსებით სიახლეს შეიტანს იმ არაჯანსაღ პოლიტიკურ დისკურსში, რომლის მძევლადაც აქციეს ქართველი ხალხი წლების მანძილზე პირველ რიგში როგორც ოპოზიციამ, ისე, მნიშვნელოვანწილად, ხელისუფლებამაც", - განაცხადა შაქარიშვილმა.

შაქარიშვილის თქმით, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში ქართული საზოგადოება გახდა ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკური მძევალი, რაც უზარმაზარ საფრთხეს უქმნის ქართულ სახელმწიფოს.

მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი პოლიტიკური საკითხი, რომელიც დოგმად გარდაიქმნება და საზოგადოებაში რაციონალურ და პრაგმატულ მსჯელობას აღარ ექვემდებარება, სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საშიშ ინსტრუმენტად შეიძლება გარდაიქმნეს", - აღნიშნა შაქარიშვილმა.

დღეს მრავალი მაგალითი ადასტურებს, რომ ევროპული პოლიტიკა და ევროპელი პოლიტიკოსები, ანუ ბიუროკრატია თავიდან ბოლომდე ემსახურება არა ევროპელი ხალხების, არამედ უცხო ქვეყნების ინტერესებს.

სწორედ უცხო ქვეყნის დავალებით გაუხსნეს მათ კარი ტოტალურ მიგრაციას, რომელიც ევროპულ ქვეყნებს ეროვნულ იდენტობას სწრაფი ტემპით აკარგვინებს. სწორედ უცხო ქვეყნის დავალებით ანაცვლებენ ისინი ევროპისთვის ტრადიციულ რელიგიას - ქრისტიანობას ახალი რელიგიით, რომელსაც LGBTQI+ ეწოდება", - განაცხადა შაქარიშვილმა.

თუ ყველაფერი იგივე მიმართულებით და იმავე ტემპით გაგრძელდება, მაშინ ძალიან მალე აღარაფერი დარჩება დემოკრატიული, ეკონომიკურად ძლიერი, თანმიმდევრული ეროვნული იდენტობისა და ქრისტიანული ევროპისაგან.