საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. ერთად ვმუშაობთ, რათა შევთავაზოთ საქართველოს ის გზა, რომელიც მიდის ევროკავშირისკენ, ის ჯერ კიდევ ღიაა და ერთად თანამშრომლობით შეგვიძლია, გავუყვეთ ამ გზას ისევ, ეს არის ზუსტად ევროპული მიდგომა, ევროპული გზა, – ამის შესახებ ბუნდესტაგის დეპუტატმა, თომას ჰაკერმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თომას ჰაკერის თქმით, საქართველომ უნდა მიიღოს თავისი ხალხისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება.
„იმ დღეს, როდესაც ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ საქართველოს ენიჭება კანდიდატის სტატუსი, საქართველოს დელეგაცია იყო ჩამოსული ჩვენთან, ყველანი ძალიან გახარებულები და ბედნიერები ვიყავით. ვსაუბრობდით იმაზე, რომ ახლა დრო არის და შეგვიძლია, შემდგომი ნაბიჯებიც კი გადავდგათ. საქართველოს დელეგაციის საპასუხოდ, ჩვენც ჩამოვედით აქ ვიზიტით აპრილში. სამწუხაროდ, შეხვედრა საქართველოს პარლამენტის წევრებთან იმ მომენტში აღმოჩნდა შეუძლებელი იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, პარლამენტში განსახილველად დაებრუნებინა ის კანონი, რომელიც ერთი წლის წინ პარლამენტიდან გაიტანეს. ერთი წლის წინ, როდესაც მოხდა ამ კანონის უკან გატანა, მკაფიოდ გაიცა დაპირება და ითქვა, რომ ამ კანონს არასოდეს დააბრუნებდნენ. სამწუხაროდ, ეს დაპირება არ შესრულდა. კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთან დაკავშირებით ერთ-ერთი ფაქტორი ევროკომისიისთვის იყო ზუსტად ამ კანონის გაწვევა. ადრე „აგენტების კანონი“ ერქვა, ახლა ჰქვია „გამჭვირვალობის კანონი“. ძალიან სწრაფად, დაჩქარებულად მოხდა მისი მიღება პარლამენტში და მას უკვე მოჰყვა სხვა კანონებიც“, – განაცხადა ჰაკერმა.
ამასთან, თომას ჰაკერის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ შემოდგომაზე საქართველოში სამართლიანი არჩევნები ჩატარდება.
„ახლა ჩვენ აქ ერთად ვმუშაობთ, რათა შევთავაზოთ საქართველოს ის გზა, რომელიც მიდის ევროკავშირისკენ, ის ჯერ კიდევ ღიაა და ერთად თანამშრომლობით შეგვიძლია, გავუყვეთ ამ გზას ისევ. ეს არის ზუსტად ევროპული მიდგომა, ევროპული გზა. შეიძლება, გვქონდეს განსხვავებები, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა ვიმსჯელოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც საუკეთესოა ხალხისთვის, ზუსტად ამაში მდგომარეობს ევროპული მიდგომა. მეორე მხრივ, თუ საქართველოს მთავრობა აირჩევს ამ გზას, ჩვენ მოგიწევს რეაგირება და მოგვიწევს გადახედვა იმ დახმარებისა, რომელსაც ვუწევთ საქართველოს, მოგვიწევს გადახედვა ურთიერთობების და ბევრი რამის. ჩვენ გვინდა თანამშრომლობა, მეგობრობა, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა გადაწყვეტილებას მოჰყვება თავისი შედეგი. ასე თუ იქნება, ამ გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს. როგორც პარლამენტის წარმომადგენლებს, ჩვენ გვჯერა დემოკრატიის და ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოში ჩატარდება ნებისმიერი ზეგავლენისაგან თავისუფალი ღია და სამართლიანი არჩევნები, საქართველოს ხალხს ექნება საშუალება, დააფიქსიროს თავისი ნება და გააკეთოს თავისი არჩევანი“, – განაცხადა თომას ჰაკერმა.