უცხოეთი
ნარენდრა მოდი პუტინს: "გული სისხლისგან იცლება" როდესაც ბავშვები იღუპებიან

 საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. სამშაბათს, კიევში საბავშვო საავადმყოფოზე სასიკვდილო დარტყმიდან მეორე დღეს, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ვლადიმირ პუტინს უთხრა, რომ უმანკო ბავშვების სიკვდილი მტკივნეული და შემაძრწუნებელი იყო.

სტუმრად მყოფი ინდოელი ლიდერის კრიტიკული შენიშვნა არაპირდაპირი საყვედური იყო პუტინის მიმართ, რომელმაც მოდი კრემლში ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული კავშირების მნიშვნელობის თაობაზე თბილი განცხადებით მიიღო.

უკრაინა ამბობს, რომ ბავშვთა საავადმყოფოში, რომელსაც ორშაბათს რუსული თავდასხმების ტალღის დროს დაარტყეს, რუსული X-101 ფრთოსანი რაკეტის ფრაგმენტები აღმოაჩინა. რუსულმა თავდასხმამ მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ ცოტა 41 უკრაინელი იმსხვერპლა.

რუსეთმა, სამხილების წარმოდგენის გარეშე განაცხადა, რომ საავადმყოფოს უკრაინის ანტი-სარაკეტო სისტემამ დაარტყა.

„ომია, კონფლიქტი თუ ტერორისტული თავდასხმა, ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ჰუმანიზმის სჯერა, ტკივილს განიცდის როდესაც სიცოცხლის შეწყვეტა ხდება... ამ შემთხვევაშიც კი, როდესაც უმანკო ბავშვები იღუპებიან, გული სისხლისგან იცლება და ის ტკივილი ძალიან შემაძრწუნებელია“, - თქვა მოდიმ.

ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მოდი რუსეთს უკრაინაში მისი ქმედებებისთვის აკრიტიკებს. 2022 წლის სექტემბერში მან პუტინს უთხრა, რომ „დღეს ომის ეპოქა არ არის“ და პუტინმა მაშინ თქვა, რომ მან მოდის შეშფოთება გაიგო.

თუმცა ინდოეთს რუსეთის უკრაინაში შეჭრა არ დაუგმია და ისარგებლა შესაძლებლობით, რათა ფასდაკლებული რუსული ნავთობის რეკორდული რაოდენობა შეეძინა იმ დროს, როდესაც სანქციებმა მოსკოვის დასავლეთთან ვაჭრობას ძირი გამოუთხარა.

უკრაინულ საავადმყოფოზე თავდასხმა უხერხული იყო მოდისთვის, რომელმაც მოსკოვში თავისი ორდღიანი ვიზიტი სწორედ ორშაბათს დაიწყო.

ფოტოს გამო, სადაც ინდოეთის პრემიერი და პუტინი ჩახუტებული არიან და მოდიმ პლატფორმა X-ზე გააზიარა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ეს იყო „უზარმაზარი იმედგაცრუება და სამშვიდობო ძალისხმევისთვის მიყენებული დამანგრეველი დარტყმა, რომ ასეთ დღეს, მსოფლიოს უდიდესი დემოკრატიული ქვეყნის ლიდერი, მოსკოვში მსოფლიოს ყველაზე სისხლიან კრიმინალს ეხუტება“.

amerikiskhma.com