საზოგადოება
„ახალი“, „დროა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ გაერთიანდნენ

 საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. „ახალი“, „დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ გაერთიანდნენ.

ამის შესახებ „ახლის“ ერთ-ერთმა თავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

პარტიული ძალები – პოლიტიკური გაერთიანება „ახალი“, „დროა“, „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას ქვეყნის, სამშობლოს ისტორიის და იმ უმნიშვნელოვანესი მომენტის მიმართ, რომელიც დღეს უდგას საქართველოს გადამწყვეტი მომენტისთვის. აქედან გამომდინარე, ვიღებთ გადაწყვეტილებას, არჩევნებზე გამოვიდეთ ერთად.

ვფიქრობთ, სიტყვისადმი ჩვენი ერთგულება გამოიხატა პრეზიდენტ ზურაბიშვილის ქარტიისა და ბრიუსელში განაცხადის ხელმოწერით, რომელიც ეხება საერთო მიზნებისთვის ბრძოლას. პირველ რიგში, ეს არის საქართველო დასავლეთში, დასავლურ ოჯახში, ევროპულ ცივილიზაციაში საქართველოს მოსახლეობისთვის წარმატებული, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. ბედნიერების შესაძლებლობის მიცემა ქართველებისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც ყველა პარტიულ თუ არაპარტიულ სუბიექტს გვაიძულებს, დავდგეთ ჩვენს მოსაზრებებზე, წინააღმდეგობებზე, ეგოებზე მაღლა და მივიღოთ ამ ტიპის გადაწყვეტილებები. ჩვენ დღეს ვერთიანდებით, რათა გავუშვათ სახლში ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, მოვაშოროთ საქართველოს რუსული გავლენები და საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ხოლო ქართველებმა იცხოვრონ უსაფრთხო და ბედნიერ გარემოში“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ამასთან, როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, პარტია „ლელოსთან“ შეთანხმება ვერ მოხერხდა, თუმცა, მისივე თქმით, „არ იკეტება ამით პროცესი და, ბუნებრივია, მოლაპარაკებები გაგრძელდება“.