უცხოეთი
ბელარუსი „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრი გახდა

 საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. ბელარუსი „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრი გახდა. ყაზახეთში მიმდინარე სამიტის მეორე დღე ორგანიზაციაში ბელარუსის მიღების დოკუმენტების ხელმოწერით დაიწყო.

„ძვირფასო სახელმწიფოს მეთაურებო, მიღებულია გადაწყვეტილება ბელარუსის რესპუბლიკის „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში“ სრულუფლებიანი წევრობის შესახებ“, – განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა.

ორგანიზაციის სამიტი 3 და 4 ივლისს იმართება ლოზუნგით: „მრავალმხრივი დიალოგის გაძლიერება – მდგრადი მშვიდობისა და განვითარებისკენ სწრაფვა“.

„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ ქვეყნების ლიდერებმა ხელი მოაწერეს ასტანის საბოლოო დეკლარაციას. გარდა ამისა, სამიტის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტების კიდევ ერთ პაკეტს, მათ შორის არის: ტერორიზმისა და სეპარატიზმის წინააღმდეგ ბრძოლის თანამშრომლობის პროგრამა; 2029 წლამდე ანტინარკოტიკული სტრატეგიის დამტკიცების დოკუმენტი; ენერგეტიკული თანამშრომლობის განვითარების სტრატეგია 2030 წლამდე; გადაწყვეტილება ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ინვესტორთა ასოციაციის შექმნის შესახებ; ორგანიზაციის ფარგლებში და დიალოგის პარტნიორებთან თანამშრომლობის საგზაო რუკა.

1tv.ge