უცხოეთი
სინდი დაიერი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თვალყურს ადევნებს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის შედეგებს

 საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. ტრეფიკინგის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, სინდი დაიერმა 25 ივნისს ტრეფიკინგის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის წარდგენისას, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე ისაუბრა, თუ რა გავლენას მოახდენს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი საქართველოს პოზიციაზე. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანონის მიღებასთან დაკავშირებით დიდი შეშფოთება იყო, საანგარიშო პერიოდში კანონის ზემოქმედების იდენტიფიცირება რთული იყო და მომავალში განხორციელდება მისი მონიტორინგი.

კითხვაზე, იმოქმედებს თუ არა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი საქართველოს პოზიციაზე ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში, დაიერმა განაცხადა: „საქართველოსთან დაკავშირებით, ჩვენ, რა თქმა უნდა, შეშფოთებული ვიყავით უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღებით. ამ ეტაპზე ჩვენ ვაკვირდებით მას. ზოგჯერ ჩვენ აღვნიშნავთ, რომ ქვეყანამ, შესაძლოა, მიიღოს კანონი საანგარიშო პერიოდში და ჩვენ შეიძლება, შეშფოთებული ვიყოთ, მაგრამ ამ კანონის ზემოქმედებას ან ამ კანონის შედეგებს მომავალ წლამდე ვერ ვიხილავთ“.

მან ასევე განაცხადა, რომ აშშ დააკვირდება, „რათა დავრწმუნდეთ, რომ თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ასეთ მნიშვნელოვან მომსახურებას, და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომელთაც ჩვენ ვეყრდნობით, მუშაობის პროცესში პრობლემები შეექმნებათ, მაშინ ეს არის ის, რასაც ჩვენ აუცილებლად მივადევნებთ თვალყურს, როგორც ნებისმიერი მიღებული კანონის შედეგებს“.

civil.ge