საზოგადოება
ირაკლი კობახიძე შეხვდა უკრაინელ მოსწავლეებს, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით საზაფხულო ბანაკში ისვენებენ

 საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან, გიორგი ამილახვართან ერთად, უკრაინელ მოსწავლეებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით საზაფხულო ბანაკში ისვენებენ.

პრემიერ-მინისტრი ბავშვებს გაესაუბრა და მათ ვახშამზე უმასპინძლა.

ბანაკი 15 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეებისა და ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილების ორ ნაკადს მიიღებს.

პირველ ეტაპზე ბანაკის სტუმრები ქალაქ ხარკოვიდან ჩამოსული მოსწავლეები არიან, რომლებმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და ქართულ და უკრაინულ ენებზე სიმღერები შეასრულეს.

უკრაინელი მოსწავლეები ორი კვირის განმავლობაში მრავალფეროვან კულტურულ-შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. ბანაკის სტუმრებისთვის ასევე მოეწყობა ექსკურსიები თბილისში, ბოდბეში, გრემსა და ნეკრესში.

5-19 ივლისს ბანაკი მეორე ნაკადს, უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩამოსულ ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილებს უმასპინძლებს.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.