აქტუალური
თეიმურაზ შაშიაშვილი: „დღევანდელი საქართველო უნიკალური სახელმწიფო ფენომენია“

SaSiaSvili„თეთრი მოძრაობის“ ლიდერ თემურ შაშიაშვილის მიერ საქინფორმისთვის გამოგზავნილი კორესპონდენციის თანახმად, არ შედგა დემოკრატიული სტაბილურბა საქართველოში და ასეთ დროს დასავლეთისათვის მისაღებია დიქტატორული სტაბილურობა.

„მსოფლიო თანამეგობრობაში, ალბათ, ვერ მოიძებნება მეორე ისეთი ქვეყანა, მეორე ისეთი ხელისუფლება, რომელიც თავისი განცხადებებით, მოქმედებებით, საგარეო თუ საშინაო პოლიტიკით, საკუთარი მოსახლეობისადმი დამოკიდებულებით, ქვეყნის მეურნეობის მართვის მეთოდებით – სტაბილურად მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიურ შედეგებს აღწევდეს.

1991 წელს საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან განვლილ 20 წელიწადში, არც ზ. გამსახურდიას და არც ე. შევარდნაძის მთავრობებს არ ჩამოუყალიბებიათ ისეთი ვითარება, რომელიც მეტ-ნაკლებად მისაღები ყოფილიყო საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის – იმ შედარებით მცირერიცხოვანი ჯგუფების გამოკლებით, რომლებიც თავად წარმოადგენდნენ ხელისუფლებას, ანდა ამა თუ იმ სახით, ემსახურებოდნენ მას.

რაც შეეხება საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, მან მთელი თავისი ძალისხმევა მიმართა, ძირითადად, ორი საკითხის გადასაწყვეტად:

პირველი – მოსახლეობის უმრავლესობის სოციალური და პოლიტიკური   მოთხოვნების მინიმიზაცია; მოქალაქეებში ნიჰილიზმის, უიმედობის, სოციალური და პოლიტიკური პასიურობის ჩამოყალიბება; არსებული მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესების შიშით, საკუთარი, თუნდაც, ელემენტარული მოთხოვნების რეალიზაციაზე, საკუთარი უფლებების დაცვაზე უარის თქმა.

მეორე – დასავლეთის გავლენიანი სახელმწიფოებისა და ძირითადი საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის საქართველოს არა მარტო მოსათმენ ან, თუნდაც, მისაღებ, არამედ სასურველ და სასარგებლო დანამატ სახელმწიფოდ გადაქცევა, განსაკუთრებით იმ გლობალურ და კვაზიგლობალურ პრობლემათა გადასაწყვეტად, რომლებსაც არაფერი აქვს საერთო საქართველოს როგორც დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებასა და მისი მოსახლეობის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ცხოვრებასა და განვითარებასთან.

სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ,რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ განვლილი 8 წლის განმავლობაში ორივე ეს საკითხი, პრაქტიკულად, გადაწყვიტა.

ხოლო ძირითად ხელშემწყობად მოვლენების ასეთი სახით განვითარებაში მას სწორედ საქართველოს მოსახლეობა მოევლინა.

ყველაზე მძიმე იმის გაცნობიერებაა, რომ დემოკრატიული დასავლეთი საქართველოში ითმენს იმას, რასაც არ დაუშვებს თავისთან, ნამდვილად არ მოითმენს მის მეგობარ ქვეყანაში, რაც ეწინააღმდეგება საჯაროდ გაცხადებულ მის პრინციპებს... ითმენს იმას, რომ საქართველოში არც ადამიანი, არც მეწარმე და ბიზნესი, არც პრესა და ტელევიზია არ არის თავისუფალი და სასამართლო არ არის დამოუკიდებელი. ... ითმენს იმას, რომ ხელისუფლება თავხედობს, მოსახლეობას უწყობს გენოციდს და თვითონ კი განცხრომით ცხოვრობს... ითმენს იმას, რომ დაცული არ არის მოქალაქეების ელემენტარული სამოქალაქო უფლებები... ყველაფერ ამას ითმენს სწორედ იმისათვის, რაც ზემოთ მეორე პუნქტში ჩამოვაყალიბეთ, ითმენს იმისათვის , რომ საქართველო სჭირდება.

არ შედგა დემოკრატიული სტაბილურობა საქართველოში და ასეთ დროს დასავლეთისათვის მისაღებია დიქტატორული სტაბილურობა. ეს დიდი წინააღმდეგობაა საქართველოს რეალურ ინტერესებსა და დასავლეთის რეალურ დამოკიდებულებას შორის.

საქართველოს მომავალი მხოლოდ დემოკრატიაშია, თავისუფალ ადამიანშია, ნიჭის ძალაუფლებაშია, იმ ხელისუფლებაშია, რომელიც ქვეყნის გარედან არ იმართება. დიქტატურა საქართველოსათვის განადგურების ტოლფასია... ქვეყნის გარედან მართვადი ხელისუფლება საქართველოს მომავლის გარეშე არსებობაა.

ხალხს, ზნეობრივ ავტორიტეტებს, პოლიტიკოსებს საქართველოში და საქართველოს ნამდვილ მეგობრებს დიდი გადაწყვეტილება აქვთ მისაღები. ეს ძნელი, მაგრამ ამ წელსვე მისაღები გადაწყვეტილებაა. ჩვენ ან უნდა ვაღიაროთ, რომ ვართ მონური ფსიქოლოგიის ქვეყანა, ან გადაჭრით ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ დიდი მომავლის ქვეყანა და ვიმოქმედოთ შესაბამისადაც“, – ნათქვამია კორესპონდენციაში.

 

საქინფორმი