უცხოეთი
აზერბაიჯანში კარანტინის რეჟიმი გაგრძელდა

 საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები 2020 წლის გაზაფხულიდანაა დაკეტილი.

აზერბაიჯანმა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 2024 წლის 1 ოქტომბრის 06:00 საათამდე გაახანგრძლივა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი".

შესაბამის განკარგულებას ხელი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა მოაწერა. საკარანტინო რეჟიმი, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს სახმელეთო საზღვრების ჩაკეტვას, მათ შორის საქართველოსთან.

აზერბაიჯანის მთავრობამ 2023 წლის მარტში გააუქმა განსაკუთრებულ საკარანტინო რეჟიმთან დაკავშირებით დაწესებული გარკვეული შეზღუდვები: აზერბაიჯანში საჰაერო გზით შესვლა ნებადართული გახდა უცხოეთის ქვეყნების ყველა მოქალაქისთვის და ამ ქვეყნებში მუდმივად მცხოვრები სხვა სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის, ასევე მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის.

როგორც მანამდე საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, აზერბაიჯანის მიერ სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვის გამო საქართველომ 1,5 მილიონზე მეტი ტურისტი დაკარგა და პანდემიამდელ დონეს ვეღარ დაუბრუნდა.

მისი თქმით, ეს დაახლოებით 400 მილიონი დოლარის ეკვივალენტია და სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა ის, რომ საქართველომ ტურისტული ნაკადების სრულად აღდგენა ვერ შეძლო.

პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები 2020 წლის გაზაფხულიდანაა დაკეტილი.

sputnik-georgia.com