პოლიტიკა
ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირის კარი საქართველოსთვის დაიხურება, თუ ხელისუფლება თავის კურსს გააგრძელებს

 საქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. თუ საქართველოს ხელისუფლება იგივე გზას გააგრძელებს, ევროკავშირის კარი საქართველოს გაწევრიანებისთვის დაიხურება, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა 24 ივნისს, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბორელის თქმით, იგი მინისტრებს წარუდგენს მის მიერ მომზადებულ დოკუმენტს და მინისტრები განიხილავენ მოკლე და საშუალოვადიან ზომებს, რომლებიც ევროკავშირმა შესაძლოა საქართველოსთან მიმართებით მიიღოს. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ეს იქნება „საორიენტაციო დებატები“ და კონკრეტული გადაწყვეტილებები დღეს არ გახდება ცნობილი.

ჩვენ ვაპირებთ განვიხილოთ საქართველოში არსებული ვითარება. ერთი რამ ცხადია: საქართველოსთვის ღიაა კარი, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, მაგრამ თუ ხელისუფლება გააგრძელებს იმას, რასაც აკეთებს, ეს კარი დაიკეტება და ქართველი ხალხი დაზარალდება“.

კითხვაზე, თუ რა ზომებს განიხილავენ მინისტრები, უმაღლესმა წარმომადგენელმა, სხვა შესაძლო მოკლევადიან ზომებს შორის, ევროპის სამშვიდობო ფონდის მხარდაჭერის შეჩერება, საქართველოსთან მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტების შეჩერება და ხელისუფლებისთვის გათვალისწინებული ფინანსური მხარდაჭერის შეჩერება დაასახელა. ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს არ სურს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის „მეტი ტკივილის მიყენება“.