საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში ჩეხეთს შეხვდა, მატჩი ფრედ დაასრულა 1:1 და პლეი ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნა.
საქართველო და ჩეხეთი ისტორიაში პირველად შეხვდნენ ერთმანეთს.
გიორგი მიქაუტაძე ისტორიაში მეექვსე ფეხბურთელია, რომელსაც ევროპის ჩემპიონატებზე თავისი ქვეყნის საწყისი ორი გოლი აქვს გატანილი. ბოლოს ეს უკრაინელმა ანდრეი შევჩენკომ 2012 წელს გააკეთა.
გიორგი მამარდაშვილს მატჩში 9 სეივი ჰქონდა, რაც მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის რეკორდია. ის დამსახურებულად გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი.
ვილი სანიოლმა პირველი ტურის შემდეგ შემადგენლობაში მხოლოდ გიორგი ჩაკვეტაძე შეცვალა და მის ნაცვლად ზურიკო დავითაშვილი დააყენა. სტადიონზე ქართველი გულშემატკივრის შექმნილი შესანიშნავი ატმოსფეროთი გამხნევებულმა „ჯვაროსნებმა“ პირველ წუთებზე ჩეხების შეტევებს გაუძლეს.
ივან ჰაშეკის დავალებით, მეტოქე ბურთის საჯარიმოში ჩაწოდებას მაქსიმალურად ცდილობდა ფლანგებიდან, კუთხურებიდან თუ აუტებიდან. შედეგად, გიორგი მამარდაშვილის კართან არაერთი სახიფათო მომენტი შეიქმნა. ამიტომაც დაფიქსირდა 30-ე წუთისთვის ჩვენი კარის მიმართულებით 13 დარტყმა და მამარდაშვილის 7 მოგერიება. პირველი ტაიმის შემდეგ მამარდამ 9.9-ბალიანი შეფასება
პირველი ტაიმის ბოლო 15 წუთში საქართველოს ნაკრებმა თამაში დაამშვიდა, ჩეხები უკვე წესების დარღვევით ცდილობდნენ სწრაფი ქართველების შეჩერებას. პირველი ტაიმის კომპენსირებულ მესამე წუთზე სწორედ ფლანგზე მიქაუტაძის წაქცევისთვის დანიშნული საჯარიმოს ჩაწოდებას მოჰყვა თერთმეტმეტრიანი. ბურთი ხელზე ჩეხ ფეხბურთელს მოხვდა, მსაჯმა ვიდეოგამეორებაზე გადაამოწმა და თითი თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ გაიშვირა. ბურთთან მიქაუტაძე მივიდა, მეკარისგან მარცხენა კუთხეში ზუსტად დაარტყა და საქართველოს ნაკრები 1:0 დააწინაურა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ჩეხეთმა კვლავ აქტიურად შეუტია და 59-ე წუთზე გოლიც გაიტანა. კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ ბურთი ძელიდან ასხლეტით მიუვიდა პატრიკ შიკს და ანგარიში გათანაბრდა.
ბოლო წუთებზე ჩეხეთის ნაკრებმა დიდი უპირატესობა მოიპოვა და კიდევ არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა, თუმცა ბოლო წამზე გამარჯვების რეალური შანსი მაინც საქართველოს ჰქონდა: ჩაკვეტაძის წამოწყებული კონტრშეტევისას საბა ლობჟანიძეს შეეძლო ჩვენი გუნდისთვის 3 ქულის მოტანა, თუმცა ბურთი კარს ასცდა.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული პირველი ქულა მოიპოვა.
ევრო 2024-ზე მესამე ტურის შეხვედრას საქართელოს ნაკრები 26 ივნისს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი გელზერკირხენში პორტუგალიას დაუპირისპირდება.