პუბლიკაციები
აშშ-ის ელჩი ხელისუფლებას ურთიერთობების აღსადგენად კურსის სასწრაფოდ შეცვლისკენ მოუწოდებს

 საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა ვრცელი ინტერვიუ მისცა საინფორმაციო სააგენტო IPN-ს. მან თბილისის „უკიდურესად შემაშფოთებელ ნაბიჯების“ გამო საქართველოსთან ურთიერთობების გაუარესებაზე ისაუბრა და შემდგომი სანქციების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ხელისუფლებას კურსის სასწრაფოდ შეცვლისკენ მოუწოდა. ელჩმა ასევე ისაუბრა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის ჩინეთის სახელმწიფო კომპანიისთვის გადაცემის საფრთხეზე.

თავდაპირველად, აშშ-ის ელჩმა ორ ქვეყანას შორის „32-წლიან პარტნიორობაზე“ ისაუბრა, რომელიც ორივე მხარისთვის მომგებიანი იყო, მაგრამ აღნიშნა, რომ როდესაც ის საქართველოში ჩამოვიდა, მან იცოდა, რომ „იყო გარკვეული გამოწვევები ჩვენს ურთიერთობაში“.

დანიგანი მიესალმა ევროკავშირის „დიდებულ გადაწყვეტილებას“ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, მაგრამ განაცხადა, რომ : უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია“. მან განსაკუთრებით აღნიშნა მზარდი ანტიდასავლური რიტორიკა, უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღება, რომელიც ეწინააღმდეგება „ქართველი ხალხის გაცხადებულ მისწრაფებებს“, ასევე ძალადობისა და დაშინების შემთხვევები მშვიდობიანი აქციის მონაწილეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების წინააღმდეგ“.

ელჩმა განმარტა, რომ ამ ქმედებებმა აიძულა შეერთებული შტატები სავიზო შეზღუდვები შემოეღო იმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომელთაც წვლილი მიუძღვით იმ ქმედებებში, რაც ძირს უთხრის დემოკრატიას, ავრცელებს დეზინფორმაციას, ძალადობს მოქალაქეების წინააღმდეგ“. ელჩმა დანიგანმა დაადასტურა, რომ სანქცირებულ პირებს უკვე ეცნობათ, რომ მათი ამერიკული ვიზები აღარ არის ძალაში, ხოლო ვისაც არ ჰქონდა ვიზა, ვეღარ აიღებდნენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაზე დაყრდნობით, ელჩმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები, სავარაუდოდ, შემდგომ ზომებსაც მიიღებს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს შესაძლოა აღარ მოხდეს, თუ ხელისუფლება კურსს შეცვლის.

ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შედეგები, რომლებიც ხელისუფლების ქმედებებს ჩვენი მხრიდან მოჰყვა, არის ხელსაწყო ქმედების შესაცვლელად და არ არის განკუთვნილი საქართველოს მოსახლეობის დასასჯელად“.

მან ჩამოთვალა რიგი სფეროები, რომლებშიც აშშ დახმარებას უწევს საქართველოს და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მდივნის ბლინკენის განცხადება აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადახედვის შესახებ მთელ ამ დახმარებას რისკის ქვეშ აყენებს. ჩვენ არ გვსურს ამის გაკეთება, მაგრამ ასევე ნათლად აღვნიშნეთ, რომ ძალიან რთულია ძლიერი პარტნიორობის გაგრძელება ყველა ამ მიმართულებით, თუ ხელისუფლება მტრად განგვიხილავს და საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წევრი გაკეთებულ ზოგიერთ განცხადებაში გვახასიათებს ჩვენ და ევროკავშირს როგორც მტერს“, – აღნიშნა დანიგანმა.

კითხვაზე, გააუმჯობესებს თუ არა კანონის გაუქმება ურთიერთობებს, ელჩმა დანიგანმა განაცხადა, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და დაგვეხმარება მივაღწიოთ იმ ადგილს, სადაც შეგვეძლება ნებისმიერი უარყოფითი შედეგების შეჩერება“. ელჩმა აღნიშნა, რომ კანონის გაუქმება საკმარისი არ არის ურთიერთობების სრული ნორმალიზებისთვის და დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური რიტორიკის გავრცელება, ასევე ძალადობა მშვიდობიანი შეკრებებისა და მომიტინგეების მიმართ. მან ხელისუფლებას ურჩია, არ დაელოდოს არჩევნებს ამ ნაბიჯების გადასადგმელად.

ელჩმა დანიგანმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის ჩინურ კომპანია CCCC-ისთვის გადაცემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომპანიის მფლობელი ჩინეთის კომუნისტური პარტიაა, „რუსეთის არმიის ნომერ პირველი ფინანსისტი დღეს“. მისი თქმით, შეერთებული შტატების ხაზინამ დაადგინა, რომ ეს კომპანია შედის იმ კომპანიების სიაში, რომლებსაც აქვთ „ღრმა კავშირები კომუნისტური პარტიის სამხედროებთან“. დანიგანმა ასევე განაცხადა, რომ 2009 წელს მსოფლიო ბანკმა აუკრძალა ბანკს ამ კომპანიის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება.

ცოტა ხნის წინ კომპანიამ ააშენა პორტი შრი-ლანკაში და ამ პორტის ირგვლივ ბევრი კამათია. არ ვიცი, წაგიკითხავთ თუ არა ამის შესახებ, მაგრამ საბოლოოდ, ჩინეთის მთავრობამ შეძლო შრი-ლანკის მიწაზე 99-წლიანი იჯარის უზრუნველყოფა და მისი გემები, სამხედრო გემები, შეძლებენ შესვლას და გასვლას. ასე რომ, არსებობს კამათი იმასთან დაკავშირებით, რომ შრი-ლანკამ დათმო თავის სუვერენიტეტი და ძირითადი კრიტიკული ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა ელჩმა.

ასე რომ, ბევრი შეშფოთება არსებობს ანაკლიასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს სუვერენული გადაწყვეტილებაა. მაგრამ მე უბრალოდ ვიმეორებ ზოგიერთ შეშფოთებას, რომელიც გლობალურად არსებობს ამ კონკრეტული კომპანიის შესახებ“, – დასძინა ელჩმა.