პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი: კომპანია Aqualia-სთან გვაქვს ურთიერთობა, რათა გვქონდეს ხარისხიანი წყალმომარაგება

 საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს მანდატი არ არის, „ჯივიპის“ მილსადენის დაზიანების ფაქტზე გამოძიების ფარგლებში დადგება თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი.

დავითაშვილის თქმით, კომპანიასთან აქვთ ურთიერთობა, რათა ადეკვატური იყოს მათი საინვესტიციო საქმიანობა და მოსახლეობას ხარისხიანი წყალმომარაგება ჰქონდეს.

ეს არ არის ეკონომიკის სამინისტროს მანდატი. კომპანიასთან გვაქვს ურთიერთობა, რათა ადეკვატური იყოს მათი საინვესტიციო საქმიანობა და მომავალში მსგავსი გამოწვევების წინაშე არ დადგეს მოსახლეობა, გვქონდეს ხარისხიანი წყალმომარაგება, ინფრასტრუქტურა. ვფიქრობ, ამ კუთხით სრული ურთიერთგაგება არსებობს, რათა კომპანიამ სწრაფად, ადეკვატურად შეასრულოს სამუშაოები და მოსახლეობას ხარისხიანი წყალმომარაგება ჰქონდეს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილი.

სოფელ წიწამურთან „ჯივიპის“ კუთვნილი ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე და 306-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და უკანონო ქმედებით გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას გულისხმობს.

სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენი რამდენიმე დღის წინ ავარიულად დაზიანდა. როგორც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ განმარტავენ, „ჯივიპისგან“ დამოუკიდებლად, მესამე პირების მიერ დროთა განმავლობაში ხდებოდა აღნიშნული ტერიტორიის ნაყარი მასალით შევსება, რამაც წარმოქმნა დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი. ადგილზე სამუშაოები, რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს.