პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი: რუსულ რეჟიმს თუ დავამარცხებთ, შევინარჩუნებთ უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან, დავიწყებთ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს და ამერიკასთანაც გვექნება უვიზო მიმოსვლა

 საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. რუსულ რეჟიმს თუ დავამარცხებთ, შევინარჩუნებთ უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან, დავიწყებთ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს და ამერიკასთანაც გვექნება უვიზო მიმოსვლა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

სამადაშვილს კითხვა დაუსვეს, სტრატეგიულ პარტნიორთან დამოკიდებულების რა ფორმაა, როდესაც აშშ საქართველოს ყოველ მეორე მოქალაქეს ვიზაზე უარს ეუბნება.

ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოში უკვე დაიწყო განხილვა MEGOBARI აქტის, სადაც საუბარია, მათ შორის, იმაზე, რომ აშშ-უნდა ჰქონდეს უვიზო მიმოსვლა ჩვენს ქვეყანასთან, ოღონდ ამას სჭირდება ქვეყანაში დემოკრატიული ხელისუფლება და არა რუსეთის მოკავშირეები. რუსეთის მოკავშირე ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის სათავეში თუ დარჩა, არათუ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზის აღება გახდება უფრო მარტივი, საქართველო დაკარგავს უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთანაც. თუ შევძლებთ და რუსულ რეჟიმს დავამარცხებთ, შევინარჩუნებთ უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან, დავიწყებთ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს და ამერიკასთანაც გვექნება უვიზო მიმოსვლა ძალიან მალე“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზაზე უარის მაჩვენებელი 49.23 პროცენტს შეადგენს. ბელარუსის შემთხვევაში ეს მაჩვენებელია 32.80 პროცენტი, რუსეთის შემთხვევაში კი – 39.49 პროცენტი.