პოლიტიკა
აშშ-ის ელჩი: ფეხბურთის გულმხურვალე ფანი ვარ - დარწმუნებული ვარ, საქართველო გაიმარჯვებს

 საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. ფეხბურთის გულმხურვალე ფანი ვარ - ვიმედოვნებ და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გაიმარჯვებს, ვისურვებდი იქ ყოფნას,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რობინ დანიგანმა ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში საქართველო-თურქეთის მატჩთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ის ესწრებოდა საკვალიფიკაციო მატჩს თბილისში და გამარჯვების მომენტი გაიზიარა ქართველ გულშემატკივართან.

ვესწრებოდი საკვალიფიკაციო მატჩს თბილისში. ძალიან სასიამოვნო იყო ამ მომენტის გაზიარება ამდენ ქართველთან. გამაერთიანებელი მომენტი იყო საქართველოსთვის და სწორედ ამიტომ მსურს პოზიტიურ ნოტაზე დავასრულო ჩვენი ინტერვიუ. ვიმედოვნებ და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გაიმარჯვებს, ვისურვებდი იქ ყოფნას. და ვისურვებ ყველაფერს საუკეთესოს საქართველოსთვის. თუმცა ვფიქრობ, რომ ქართველები მხოლოდ იმის გამო არ იყვნენ ბედნიერები, რომ თავის ნაკრებს უჭერდნენ მხარს, არამედ იმიტომ, რომ საქართველომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა, სადაც არის საქართველოს ადგილი.

საბოლოოდ მსურს აღვნიშნო, მოდით გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რომ საქართველო კვლავ დავაბრუნოთ ამ გზაზე, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, რომ განაგრძოს ამ გზაზე სვლა იმავე ტემპით, როგორც ამას უკრაინა და მოლდოვა აკეთებენ და რამდენიმე წელიწადში შევძლოთ იმის თქმა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრია. არაფერი არ გამაბედნიერებს უფრო მეტად!“, - განაცხადა რობინ დანიგანმა.