სამართალი
უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მოწამვლის შესახებ იტყობინება

 საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი მოწამლეს, რაც მან 13 ივნისს თავად დაუდასტურა „სამოქალაქო საქართველოს“. ამჟამად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის თავისი მოვალეობების შესრულებას განაგრძობს.

მამულაშვილის თქმით, დაახლოებით ოთხი-ხუთი თვის წინ, მან მუცლის არეში ნაწლავებთან დაკავშირებული სამედიცინო ჩვენებით მიმართა კლინიკას, სადაც გადიოდა მკურნალობას, თუმცა ვერ გაარკვიეს, რა იწვევდა სხვადასხვა ორგანოს ანთებას. მოგვიანებით მისი ანალიზები გერმანიაში გაიგზავნა. მიღებული ტოქსიკოლოგიური დასკვნის მიხედვით, მის ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით აღმოჩნდა სამი ტოქსიკური ნივთიერება: დარიშხანი, ვერცხლისწყალი და კალა. ექიმები მიიჩნევენ, რომ მან მომწამვლელი ნივთიერებები საკვებით, ფხვნილის სახით მიიღო.

მამულაშვილმა უკვე გაიარა ხანგრძლივი მკურნალობა. მისი თქმით, ეს მისი მოწამვლის მესამე შემთხვევაა.