აქტუალური
პაპუაშვილი: პარტია „ევროპული საქართველო" უცხოეთიდან ფინანსდება

 საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. ქართული ონლაინ-გამოცემა „ტაბულა“ ფინანსდება ფინეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო“, რომლის კედლის გაზეთი არის ეს გამოცემა, ფულს იღებს კანონის გვერდის ავლით, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

„ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილია. 2023 წლის ნოემბერში ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ უერთდება პარტია „ევროპულ საქართველოს“, რომელსაც მისი მეუღლე გიგა ბოკერია უდგას სათავეში და ტოვებს „ტაბულას", რათა შესაძლებელი გახდეს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შეენარჩუნება. დღეს ჩერგოლეიშვილი პარტიის ერთ-ერთი ლიდერია. ის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.

ყველასთვის ცნობილია, რომ „ტაბულა" არის „ევროპული საქართველოს“ ჩვეულებრივი პარტიული კედლის გაზეთი. როდესაც ის ფინანსდება უცხოეთიდან, შესაბამისად, ამით ხდება პარტიის დაფინანსება. როცა ასეთ შემთხვევებს ვხედავთ, გვიკვირს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში პარტიების დაფინანსება კანონის გვერდის ავლით ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს.

ერთი მხრივ, საუბარი იყოს დეპოლარიზაციაზე, თანაბარ შესაძლებლობებზე და, მეორე მხრივ, ხდებოდეს პოლიტიკური პარტიების კანონისთვის გვერდის ავლით დაფინანსება, მათ შორის, როდესაც ხდება „ევროპული საქართველოს“ პროპაგანდისტული მედიის", - განაცხადა პაპუაშვილმა.

მიუხედავად ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული მასშტაბური პროტესტისა და დასავლეთის კრიტიკისა, რეზონანსული კანონპროექტი მაინც მიიღეს. 28 მაისს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო, ხოლო 3 ივნისს კანონპროექტს ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მოაწერა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.

„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.

წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.

კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა. საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.

28 მაისს, მას შემდეგ რაც პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტზე, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ კანონით ქვეყანა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დააშორა.

ევროკავშირმა უკვე დაიწყო იმ სათანადო ზომების განხილვა, რომლებსაც ივნისში კანონის ამოქმედების შემთხვევაში მიიღებს. აშშ-ის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი დააწესებს სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.