საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. 4 ივნისს, აშშ-ის ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიამ (ჰელსინკის კომისია) საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის მხარდაჭერის შესახებ კონგრესში მოსმენა გამართა. მოსმენას ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი უძღვებოდა, ხოლო მოხსენებებით წარსდგნენ სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ივანე ჩხიკვაძე, „ჩეთემ ჰაუსის“ უფროსი მკვლევარი და ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი ნატალი საბანაძე, და „რენდის კორპორაციის“ უფროსი მკვლევარი და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი.
მოსმენას წინ უძღოდა საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიღება, აშშ-ის მიერ დემოკრატიის შელახვისთვის სავიზო შეზღუდვის პოლიტიკისა და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ზედმიწევნით გადახედვის დაანონსება, ასევე კონგრესში „MEGOBARI“ აქტის, ხოლო სენატში „ქართველი ხალხის აქტის“ (Georgian People’s Act (GPA’)) მიღება. ორივე მათგანი საქართველოს ოფიციალურ პირებზე სანქციების დაკისრებასა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადახედვას ითვალისწინებს.
აშშ-ის კონგრესმენმა ჯო უილსონმა სხდომა აშშ-საქართველოს მრავალწლიან პარტნიორობაზე საუბრით გახსნა. „ჩვენმა ორმა ქვეყანამ მჭიდროდ ითანამშრომლა საქართველოში ღრმა და შორსმიმავალი რეფორმების გასატარებლად…“, – განაცხადა უილსონმა და დასძინა: „შეერთებულმა შტატებმა ექვს მილიარდ დოლარზე მეტი გაიღო პირდაპირი დახმარების სახით და კიდევ უფრო მეტი ქართველი ხალხისთვის შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად“.
ამ ფონზე, უილსონმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ეს ძლიერი კავშირი „ქართული ოცნების“ მხრიდან დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა, რაც „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიღებამ განაპირობა. „ეს კანონი ქვეყნის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის სტიგმატიზაციას და მისი საქმიანობისთვის ძირის გამოთხრას, ასევე ალტერნატიური აზრის ჩახშობას ისახავს მიზნად“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „როგორც ჩანს, ეს კანონი ხელისუფლების ანტიდემოკრატიული შემობრუნების აისბერგის მხოლოდ წვერია“.
სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ დაშინების ბოლოდროინდელი ორგანიზებული კამპანიის შესახებ საუბრისას, მან განაცხადა: „ქართული ოცნება აქტიურად ემხრობა ომის დამნაშავე პუტინს და სხვა ავტორიტარებს, მიუხედავად იმისა, რომ პუტინს ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული…“ მან ასევე აღნიშნა, რომ ქართული ოცნება აფართოვებს კავშირების ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან, რაც მისი თქმით „ამ დიქტატორული შემობრუნების კიდევ ერთი ასპექტია“.
„შეერთებულმა შტატებმა არ უნდა დაუშვას, რომ ეს თავდასხმა ქართულ დემოკრატიასა და მის ევროატლანტიკურ მომავალზე უპასუხოდ დარჩეს“, – აღნიშნა მან და მიესალმა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ცოტა ხნის წინ დაანონსებულ სავიზო შეზღუდვებს იმ პირთა მიმართ, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში. „მაგრამ ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შევასრულოთ ქართველი ხალხისთვის მიცემული დაპირებები“, – განაცახდა მან და MEGOBARI აქტის შემოღებას მიესალმა.
თავის შესავალ სიტყვაში ჰელსინკის კომისიის წევრმა სტივ კოენმა განაცხადა, რომ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონით „ქართული ოცნება“ გამჭვირვალობის სახელით კონტროლის მოპოვებას ცდილობს. „ქვეყანა, რომელიც თავისი არასამთავრობო ორგანიზაციების დაშინებას ცდილობს, არის ქვეყანა, რომელიც არ არის დემოკრატიული…“, – დასძინა მან.
შესავალი სიტყვების შემდეგ, ივანე ჩხიკვაძე, ნატალი საბანაძე და უილიამ კორტნი მოხსენებებით გამოვიდნენ.
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა ივანე ჩხიკვაძემ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა მიმოიხილა და ყურადღება „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიღებაზე გაამახვილა. მან ასევე ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის მიერ 29 მაისს დაანონსებული რეპრესიების, ხელისუფლების ოპონენტების დევნისა და სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერი ტერორის კამპანიის შესახებ.
მისი თქმით, საქართველო ახლა ევროპასა და რუსეთს შორის გზაგასაყარზეა. „ქართველი ხალხის არჩევანი სავსებით ნათელია: ჩვენ ვირჩევთ თავისუფლებას, დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და საქართველოს მომავალს ევროკავშირსა და ნატოში ვხედავთ“, – განაცხადა ჩხიკვაძემ და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის ხელისუფლება ხალხის ნებას ეწინააღმდეგება. „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიღებით, „საქართველოს ხელისუფლება საქართველოსა და დასავლეთს შორის კედელს აღმართავს“, დასძინა მან.
„კანონი სრულად აღმოფხვრის კრიტიკულ ხმებს და გაანადგურებს აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ქვეყანაში წლების განმავლობაში ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების, მათ შორის USAID-ის, გულუხვი მხარდაჭერით შეიქმნა“, – განაცხადა ჩხიკვაძემ. მისი თქმით, არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ „[ოქტომბრის საპარლამენტო] არჩევნები კრიტიკული მედიის, დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი დამკვირვებლების გარეშე ჩატარდება“. მან „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი პოლიტიკა გააკრიტიკა და აღნიშნა: „მმართველი პარტია სერიოზულად უთხრის ძირს საქართველოს მომავალს, დასავლური დემოკრატიული ღირებულებებისადმი მტრული დამოკიდებულების ზრდითა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებით…“
„საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის და ჩვენი მეგობრებისთვის ფსონები ძალიან მაღალია. ეს იქნება რეალურად ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, თუ საქართველოს დასავლელი მეგობრები ახლა არ იმოქმედებენ“, – დასძინა მან და „კონკრეტული ნაბიჯების“ გადადგმისკენ მოუწოდა.
ნატალი საბანაძე, „ჩეთემ ჰაუსის“ უფროსი მკვლევარი და ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი, თავისი მოხსენების დასაწყისში „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტს მიესალმა.
„დღევანდელ საქართველოში დემოკრატია ნადგურდება საპარლამენტო უმრავლესობის ხელით“, – განაცხადა მან და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ერთი უპასუხისმგებლო კაცი“ საქართველოს დიდი ხნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს ცვლის. „საქართველოს ხელისუფალნი ამტკიცებენ, რომ კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს და ადამიანის უფლებებს, ჩვენთვის კარგია“, – განაცხადა მან „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონზე საუბრისას და დასძინა, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს დაარწმუნოს ქართველები, რომ კანონი ქვეყანას ევროატლანტიკური გზიდან არ გადაახვევინებს. მან ასევე განაცხადა, რომ ეს კანონი არ არის ერთადერთი პრობლემა, არამედ არსებული პოლიტიკური კრიზისის „სიმპტომია“.
მისი თქმით, საქართველო ტენდენციის ნაწილია და არა გამონაკლისი. მან თქვა, რომ საქართველოს კანონმდებლობის მსგავსი კანონები ბევრმა სხვა ავტოკრატიულმა რეჟიმებმაც მიიღეს, დაწყებული რუსეთით და დამთავრებული ვენესუელით, რითიც საკუთარი თავი „რეპრესიების სამართლებრივი ინსტრუმენტებით აღიჭურვეს“. მან ასევე ისაუბრა არჩევნების ფაქტორზე: „ისინი მუშაობენ, რათა მოიპარონ არჩევნები, არა კენჭისყრის დღეს… არამედ კვირებითა და თვეებით ადრე, წახალისებისა და ზეწოლის სისტემების მეშვეობით“. აღნიშნა რა, რომ „ავტოკრატიების მიერ გამოყენებული მეთოდები სულ უფრო დახვეწილი ხდება და სუვერენიტეტისა და ტრადიციული ღირებულებების დაცვის საფარქვეშ გამოიყენება, საბანაძემ განაცხადა, რომ „სამოქალაქო საპროტესტო მოძრაობები აღწერილია, როგორც ფერადი რევოლუციები, რომელიც უცხო ხელით და ადგილობრივი მოღალატეების მიერაა მართული და უცხო მთავრობების მიერ მანიპულირებული“.
საბანაძემ ასევე აღნიშნა, რომ „ეს ტაქტიკა მიზნად ისახავს, დაარწმუნოს მოქალაქეები, დარჩნენ პოლიტიკის მიღმა, გაცვალონ თავიანთი თავისუფლება წესრიგზე, თავიანთი უფლებები კეთილდღეობის შანსზე და შეეგუონ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას მშვიდობის შენარჩუნების სანაცვლოდ“.
„საქართველოს ხელისუფლება შეუერთდა ანტილიბერალურ, ანტიდასავლურ აჯანყებას, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს. უკრაინის ომში რუსეთი არა მხოლოდ უკრაინელი ერის დამორჩილებას და საკუთარი გავლენის აღდგენას ცდილობს, არამედ ის ასევე ცდილობს გლობალური წესრიგის დევესტერნიზაციას. უკრაინა არის მთავარი ფრონტი, ხოლო უფრო მცირე ფრონტები გაჩნდა საქართველოში და სხვაგან მსოფლიოში“, – განაცახდა საბანაძემ და რუსეთის გავლენის თავიდან აცილებაში დახმარებისკენ მოუწოდა.
„რენდის კორპორაციის“ უფროსმა მკვლევარმა და საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა უილიამ კორტნიმ ხაზი გაუსვა აშშ-ის მრავალწლიან მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
„უცხოელი აგენტების შესახებ კანონმა, რომელიც რუსული რეპრესიული კანონის მოდელზეა აგებული, [საქართველოს] დამოუკიდებლობის შემდეგ ყველაზე მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვია“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ მმართველმა პარტიამ „შესაძლოა ბოროტად გამოიყენოს კანონი თავისი ძალაუფლების შესანარჩუნებლად“.
აშშ-ის მიერ დაანონსებული სავიზო შეზღუდვების შესახებ საუბრისას, ყოფილმა ელჩმა განაცხადა, რომ თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გააყალბებს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს, „ურთიერთობები გაუარესდება“. მან ასევე აღნიშნა, რომ, როგორც ეს რუსეთში მოხდა, ხელისუფლებამ შესაძლოა უარი თქვას არჩევნებზე დამოუკიდებელი დამკვირვებლების ჩართულობაზე და კანდიდატების დისკვალიფიკაცია მოახდინოს. მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია რუსეთს სხვა მხრივაც მიბაძოს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს „არასასურველის“ იარლიყი მიაკეროს.
მომხსენებლებს ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა, სენატორმა რიჩარდ ბლუმენტალმა, ჰელსინკის კომისიის წევრმა სტივ კოენმა და კონგრესმენმა ვიქტორია სპარცმა კითხვები დაუსვეს.
ქართველი ხალხისთვის მრავალწლიანი ამერიკული დახმარების შესახებ ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის მიერ დასმულ კითხვაზე, ივანე ჩხიკვაძემ და ნატალი საბანაძემ ხაზი გაუსვეს ჰუმანიტარულ, სამხედრო და დემოკრატიის სფეროში გაწეულ დახმარებას, ასევე საქართველოს დახმარებას დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების საქმეში. . „[ეს დახმარება] ასევე სასწორზეა“, – განაცხადა ჩხიკვაძემ.
აშშ-ს სენატორის რიჩარდ ბლუმენტალის კითხვაზე, თუ რა გავლენა აქვს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა აღნიშნა, რომ კანონი სულ ახლახანს ამოქმედდა და, შესაბამისად, მას შესაძლოა სერიოზული გავლენა არ მოჰყვეს ამ მომენტში, თუმცა ყოფილმა ელჩმა რუსეთის გამოცდილება მოიყვანა მაგალითად, სადაც 2012 წლიდან განსხვავებული აზრი აღმოიფხვრა.
საბანაძემ იგივე გაიმეორა და დასძინა, რომ ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ დაშინების კამპანია ჯერ კიდევ კანონის მიღებამდე დაიწყო. გარდა ამისა, მან ისაუბრა იმ ეგზისტენციალურ საფრთხეზე, რომელიც კანონმა შესაძლოა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შეუქმნას.
ჰელსინკის კომისიის წევრის სტივ კოენის შეკითხვაზე, რომელიც ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებაზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გაცხადებულ პოზიციას ეხებოდა, ნატალი საბანაძემ განაცხადა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას, „პოლიტიკური თვითმკვლელობა“ იქნებოდა ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის, ღიად ეთქვა, რომ ის ხალხის ნებას ეწინააღმდეგება. მან „დისტოპიური სიტუაცია“ უწოდა იმას, რომ ხელისუფლება ევროინტეგრაციის ძირისგამომთხრელ ნაბიჯებს დგამს და იმავდროულად ამტკიცებს, რომ მისი დამოკიდებულება და მისწრაფებები დასავლური ინსტიტუტების მიმართ არ შეცვლილა. საბანაძემ ასევე განაცხადა, რომ ივანიშვილი ცრუ არჩევანის წინაშე აყენებს საქართველოს მოქალაქეებს. ესაა „არჩევანი ევროინტეგრაციის შორეულ პერსპექტივასა და მშვიდობას შორის, მომენტალურ კეთილდღეობასა და ადამიანის უფლებების დაცვას შორის“. „ეს ეშმაკის გარიგებაა“, განაცხადა საბანაძემ და მას „ბლეფი“ უწოდა.
ნატალი საბანაძემ განაცხადა, რომ მისი აზრით, სააკაშვილის მდგომარეობა უმჯობესდება. მან ასევე აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილების თანახმად, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ამერიკელი კონგრესმენის ვიქტორია სპარცის კითხვაზე, თუ რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა შეუძლია აშშ-ს საქართველოს მიმართ, ნატალი საბანაძემ ინდივიდუალური, მიზანმიმართული სანქციები დაასახელა, მათ შორის ხელისუფლების წინააღმდეგ სავიზო შეღუდვები და მოახლოებული არჩევნების გრძელვადიანი დაკვირვება. მან ასევე განაცხადა: „რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ ავტოკრატებს მთელს მსოფლიოში საშუალება მისცა, დაპირისპირებოდნენ დემოკრატიას შინ, გაეზარდათ ძალაუფლება და ეფიქრათ, რომ დაუსჯელები დარჩებოდნენ“. საბანაძემ ხაზი გაუსვა კონკრეტული პირების მიმართ სანქციების დაწესებისა და საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის აუცილებლობას.
აშშ-ის ყოფილმა ელჩმა კორტნიმ მოახლოებული არჩევნების მონიტორინგის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განაცხადა: „ოქტომბრის არჩევნები, თუ ეს არჩევნები გაყალბდება, მაშინ, როგორც უკრაინაში, საქართველოშიც შეიძლება მოხდეს კიდევ ერთი ფერადი რევოლუცია. ჩვენ ნამდვილად უნდა ვადევნოთ თვალი ამ არჩევნებს“.
ივანე ჩხიკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა მიეცეს არჩევნების გაყალბების საშუალება, ასევე, მისი თქმით, უნდა გაგრძელდესა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა.