საქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საბჭოს აპარატის თანამშრომლებს აპარატის ახალი ხელმძღვანელი ლევან ღირსიაშვილი წარუდგინა და მას ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.
შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე საბჭოს აპარატის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოში მიმდინარე მოვლენები და არსებული ვითარება მიმოიხილეს და სამომავლო ნაბიჯებზე იმსჯელეს.
ლევან ღირსიაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრძანებით დაინიშნა.
ლევან ღირსიაშვილი 2022 წლის აგვისტოდან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი იყო. 2019 – 2022 წლებში იგი იკავებდა შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2018 წლიდან 2019 წლამდე ლევან ღირსიაშვილი იყო გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, ხოლო 2015 – 2017 წლებში – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე.