საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, მალტის საგარეო, ევროპულ საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს, იან ბორჯს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და კიდევ ერთხელ დაადასტურა ეუთო-სთან მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა მალტის თავმჯდომარეობის პერიოდში.
საუბარი შეეხო მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის პრიორიტეტია გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და მზადაა, ამჯერადაც შეუწყოს ხელი საერთაშორისო დამკვირვებლების, მათ შორის ეუთო-ს ინსტიტუტების წარმომადგენელთა ფართო ჩართულობას.
შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო მალტასთან ორმხრივ ურთიერთობებს. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა მალტის მხარეს ეუთო-ს სხვადასხვა ფორმატში საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.