საზოგადოება
"საქართველოს მთავრობის ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას" - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე (ვიდეო)

 საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი თბილისში ვიზიტით იმყოფება, ვიზიტის დასრულების შემდეგ მას უფრო მეტი ექნება სათქმელი, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა (ვიდეო იხ. აქ).

როგორც პატელმა აღნიშნა, მისი მოსაზრებაა, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს კურსი, რომელიც ახლა აქვს.

ვიტყვი, რომ ქართველი ხალხის 80%-ზე მეტს ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებას. ასევე ვიცით, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ურთიერთობა ტრანსატლანტიკურ ორგანიზაციებთან, როგორიც არის ნატო. ეს არის ის, რაც შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, მაგრამ მსგავსი რამ, როგორიც ეს კანონმდებლობაა, არ შეესაბამება ამ მიზანს. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს ურთიერთობას და პარტნიორობას, რომელიც გვაქვს საქართველოსთან 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და გვსურს, გავაგრძელოთ და გავაღრმაოთ ეს თანამშრომლობა. თუმცა, ჩვენი მოსაზრებაა, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს კურსი, რომელზეც ამჟამად იმყოფება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, მე წარმომიდგენია, რომ ჯიმ ო’ბრაიენს შეხვედრების დასრულების შემდეგ მეტი ექნება სათქმელი“, – აღნიშნა პატელმა.

მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შეუსაბამოა როგორც ქართველი ხალხის მისწრაფებებთან, ასევე აშშ-ის ღირებულებებთან.

კანონმდებლობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ კრემლში და სხვაგან, კანონმდებლობა, რომელიც მიზანში იღებს სამოქალაქო საზოგადოებას, მედიაორგანიზაციებს, არაკომერციულ ორგანიზაციებს, არა მხოლოდ შეუსაბამოა ჩვენს ღირებულებებთან, რაც გვაქვს აშშ-ში, არამედ შეუსაბამოა ქართველი ხალხის მისწრაფებებთან“, – აღნიშნა პატელმა.