აქტუალური
უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს სახელით განცხადების გავრცელება

 საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, ევროკომისიაში აცხადებენ, რომ უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს სახელით განცხადების გავრცელება.

ტელეკომპანიის ცნობით, ევროკომისიაში აღნიშნეს, რომ განცხადება სხვა ფორმატში გავრცელდება.

ამასთან, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ჟურნალისტმა, რიკარდ იოზვიაკიმაც.

მან სოციალურ ქსელში 13 მაისს დაწერა, რომ ევროკავშირი ამზადებდა ერთობლივ განცხადებას საქართველოს შესახებ იმ შემთხვევაში, თუ კანონის შესახებ საბოლოო კენჭისყრა იქნებოდა. მისივე თქმით, სავარაუდოდ, ეს იქნებოდა მხოლოდ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადება, თუმცა უნგრეთსა და სლოვაკეთს ჰქონდათ გარკვეული დათქმები.

მოგვიანებით, მან ასევე გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა უარი თქვა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს სახელით განცხადების გავრცელების იდეაზე“.

ახლა საუბარია იმაზე, შეძლებენ თუ არა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი რაიმე სახის განცხადების შედგენას“, – დაწერა იოზვიაკმა სოციალურ ქსელში.