როგორც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთის პრეზიდენტ ბრონისლავ კომოროვსკისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, „პირადად მას არ მოსწონს დეპუტატების რაოდენობის გაზრდა, თუმცა ეს ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო და ხელისუფლება ამას დათანხმდა“.
ცხადია, სააკაშვილს თავისი გამოსვლით სურდა, პოლონელი კოლეგისთვის დაენახვებინა ის, რასაც ყველა ჩამოსულ სტუმართან ცდილობს, თუმცა ცხადია ისიც, რომ ხელისუფლების საკანონმდებლო წინადადების პაკეტს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე მხოლოდ შემდგომში მოღალატეებად წოდებულმა ორმა პარტიამ – „ახალმა მემარჯვენეებმა“ და „ქრისტიან-დემოკრატებმა“ მოაწერეს ხელი, რაც „ოპოზიციური რვიანის“ დაშლის მიზეზი გახდა. შესაბამისად, ალბათ, პრეზიდენტს სატრაბახო არც არაფერი აქვს, რადგან, რამდენიც უნდა ამტკიცოს, რომ ოპოზიციასთან კომპრომისზე წავიდა, ეს კომპრომისი არ შედგა – შეთანხმება მხოლოდ მცირე ნაწილთან მოახერხა. ამ მოსაზრების სიზუსტეს, ალბათ, ის გარემოებაც ამყარებს, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის კონსულტაციების მისაღები შედეგით დასრულების შემთხვევაში, პრეზიდენტს უცხოელი ლიდერებისთვის არარსებულის მტკიცება არც დასჭირდებოდა, რადგან საერთაშორისო საზოგადოება ოპოზიციონერი ლიდერებისგან არა „საჩივრის წერილებს“, არამედ გამარჯვების შეტყობინებებს მიიღებდა.
საქინფორმი