თბილისი, 9 მაისი, საქინფორმი. ჩვენ აღვიზარდეთ იმ ხანაში, როცა ყველგან – სასწავლო დაწესებულებებსა და ოჯახში – სწორად გვასწავლიდნენ. შესაძლოა, ეს ყოველთვის არ იყო 100-პროცენტიანი სიმართლე, მაგრამ, სამაგიეროდ, აზროვნებას ვსწავლობდით. მაშინ ბიბლიოთეკებს, მუზეუმებსა და უფროსებთან ურთიერთობას კომპიუტერი არ ცვლიდა (საკმაოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ხელსაწყო, როცა საქმე ფუნდამენტური ცოდნის მიღებას ეხება, აღარაფერი რომ არ ვთქვათ ადამიანურ ფაქტორსა და მორალზე), რის წყალობითაც ჩვენმა თაობამ იცის იმ ეპოპეის შესახებ, რომელსაც დიდი სამამულო ომი ჰქვია და აცნობიერებს დიადი გამარჯვების მნიშვნელობას. თუმცა აქ ესწრებიან თავად დიდი სამამულო ომის მონაწილენი – ჩვენი ვეტერანები, ცოცხალი ლეგენდა! ამიტომ, დაე, ამ ომზე მათ ილაპარაკონ, მე კი ქედს მოვიხრი და ვეტყვი: გმადლობთ, რომ სიცოცხლე გვაჩუქეთ!
ძვირფასო მეგობრებო! მოდი, გადავხედოთ იმ ომს, მის ერთ-ერთ მთავარ ეპიზოდს, დღევანდელი გადასახედიდან, თანამედროვე რეალიებიდან, არა როგორც ისტორიას, არამედ როგორც მის გაგრძელებას. და რას ვხედავთ? კავკასია კვლავაც საფრთხეშია, კავკასიისთვის ბრძოლა გრძელდება! სხვაგვარი მეთოდებითა და უცხოთა ხელით დღეს მას მეორე ფრონტზე ჩვენი ყოფილი მოკავშირეები წარმართავენ, უფრო სწორად – ზოგიერთი დასავლური ქვეყნის ხელისუფლება. კონკრეტულ პარალელებს გავავლებ:
1942 წლის 5 ივლისი-1943 წლის 9 ოქტომბერი, კავკასიისთვის ბრძოლის დასაწყისი და დასასრული. ფაშისტებს კავკასია სსრ კავშირისგან უნდა გაემიჯნათ, რათა გროზნოს, კასპიისპირეთის, ახლო აღმოსავლეთის ნავთობი მიეღოთ. ამიტომ თავიდან ჩრდილოეთ კავკასიას შეუტიეს, რათა შემდგომ კასპიისპირეთში გასულიყვნენ, შემდეგ კავკასიონის ქედის გავლით ამიერკავკასიაში შეეღწიათ, შავი ზღვისკენ გაჭრილიყვნენ, მესამე რაიხის მხარეზე ომში ჩაებათ თურქეთი და კიდევ უფრო შორს, ირან-ერაყის საზღვარზე, ახლო აღმოსავლეთში, ინდოეთამდე გასულიყვნენ.
დღეს იმავე სურათს ვხედავთ: ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რამდენიმე ანგლოსაქსონური წევრი-სახელმწიფოსა და ახალი ევროპის ქვეყნების მოწონებით/შეუწინააღმდეგებლად აშშ უარზე არაა, ჩრდილოეთ კავკასია რუსეთს ჩამოაშორონ და ამიერკავკასიის ქვეყნებს გადაჰკიდონ, ისევ და ისევ ნავთობის მისაღებად! ამ მიზნით ისინი უკვე მერამდენე წელია, ჩრდილოეთ კავკასიაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ახდენენ, მხარს უჭერენ იქაურ ბანდფორმირებებს, 2003 წელს საქართველოში „ხავერდოვან“ გადატრიალებას აწყობენ და ხელისუფლების სათავეში თავიანთ მოყვანილ ხელდასხმულს სამხედრო ავანტიურებისაკენ უბიძგებენ, რათა აფხაზეთის გაკონტროლებით შავი ზღვა ნატოს შიდა ზღვად აქციონ; ხოლო სამხრეთ ოსეთის ხელში ჩაგდებით, ჩრდილოეთ კავკასიის გავლით – კასპიისპირეთისა და საქართველოს გავლით ბაქოს ნავთობზე გავიდნენ, მილსადენებით დაქსელონ ქვეყანა შავ ზღვასა და თურქეთამდე, ამავე დროს, ჩაითრიონ იგი არსებულ პირობებში ხელახლა გაღვივებულ ყარაბაღის კონფლიქტში. შემდეგ – მსგავსი სცენარითვე გააგრძელონ, რომელსაც გერბად, ასევე, არწივი აქვს, ოღონდ – უკვე სვასტიკის გარეშე – ერაყი, ავღანეთი, საქართველოზე ნაკლებხავერდოვანი „რევოლუციები“ ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში იმ მიზნით, რომ ნავთობით უმდიდრეს რეგიონებში თავიანთი ახალი ხელდასხმულები დასვან БРИК-ის ქვეყნებისა და ირანის საპირწონედ.
როგორც ხედავთ, განსხვავება „მათ – გუშინდელსა“ და „ამათ – დღევანდელს“ შორის მარტოოდენ ბრძოლის წარმოების მეთოდებშია: ვერმახტის გამბედაობის არმქონე „დემოკრატიის ეტალონები“ მოსყიდული და გაბითურებული აბორიგენების ნაწილის ხელით მოქმედებას ამჯობინებენ, რომლებსაც რევოლუციონერებს, თავისუფლებისთვის მებრძოლებსა და მეამბოხეებს უწოდებენ. და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ბედავენ მათი ელიტური ჯარები სახმელეთო ოპერაციების ჩატარებას და ისიც, მარტო ინტენსიური ავიადაბომბვებისა და ხომალდებიდან და წყალქვეშა ნავებიდან განხორციელებული სარაკეტო იერიშების შემდეგ.
მათ მიერ „მახვილგონივრულად“ მშვიდობისმყოფლად მონათლული სახმელეთო ოპერაციები ხომ, სუპერთანამედროვე შეიარაღების, ტანკებში კონდიციონერებისა და „გლამურული“ ეკიპირების მიუხედავად, როგორც წესი, მათთვის ფიასკოთი მთავრდება: ვიეტნამი, ერაყი, ავღანეთი – მაგალითი უამრავია...
ახლა კი 69 წლით უკან დავბრუნდეთ: საბჭოთა არმიამ, რომლის შემადგენლობაშიც სსრ კავშირის ყველა – მათ შორის, კავკასიის ხალხების მოძმე ოჯახის წარმომადგენლებიც იბრძოდნენ, მართალია, დიდი დანაკარგებით, მაგრამ მაინც შეინარჩუნა კავკასია ვერმახტის სპეციალურად გაწვრთნილ-ეკიპირებულ ძალებთან, მათ შორის, პირველ სამთო-მსროლელ დივიზია „ედელვაისთან“ ბრძოლებში. მიუხედავად იმისა, რომ გერმანელებმა კავკასიელი ხალხისგან რიგი ნაციონალური ფორმირებების შექმნა შეძლეს, ჰიტლერის ოცნება – საბჭოთა კავშირის სხვა ხალხებთან კავკასიელ ხალხთა მეგობრობა გაეცამტვერებინა, არ ახდა, თუმცა ფაშისტური პროპაგანდა ადგილობრივ მოსახლეობას უნერგავდა, თითქოს ისინი „მხოლოდ რუსებს ებრძოდნენ, ხოლო კავკასიის ხალხებისთვის მონობიდან გათავისუფლება და ცივილიზაცია მოჰქონდათ“!
ახლა კი დღევანდელ დღეს გადმოვინაცვლოთ: სსრ კავშირის ხალხები კვლავ ერთად რომ არ დადგნენ და დაიცვან კავკასია, ჯერ მტკიცე კავშირი დაანგრიეს, შემდეგ ყოფილი თანამემამულეები ერთმანეთს წაგვკიდეს... დასავლეთის სპეცსამსახურების გათვლა სწორი აღმოჩნდა – იერიში იმ სუსტ ადგილას მიიტანეს, რომელსაც კავკასიელი ხალხები მუდამ საკუთარ მთავარ ღირსებად მიიჩნევდნენ: ეს თავიანთი ეროვნული კუთვნილების გამო ჰიპერტროფული სიამაყე და სხვებისგან გამორჩეულობაა. და თუკი ეს უწინ მხოლოდ ჰიპერტროფულ სტუმართმოყვარეობაში, სიკეთესა და მანდილოსანთან მიმართებაში რაინდობაში გამოიხატებოდა (რასაც საუკეთესო კავკასიური ტრადიციების გადაღებით ბევრი ბაძავდა), ახლა ოკეანისგაღმელმა სპეცებმა ეს სიამაყე აგრესიისა და მიუღებლობის არხში გადაიყვანეს, რამაც ერთაშორისი შუღლი წარმოშვა, რის შედეგადაც „კავკასიური ეროვნების პირი“ დღეს დამღასა და განაჩენივით ჟღერს! აბა, შეხედეთ, მორიგი ტერაქტის შემდეგ ხმაური ჯერ ჩამცხრალიც არ არის, რომ მაშინვე მის საეჭვო კავკასიურ წარმომავლობაზე ალაპარაკდებიან, რაც მერე ხშირად არ დასტურდება, მაგრამ უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს... თითქოს ტერორისტებს ან წარმომავლობა, ან ეროვნება და სამშობლო ჰქონდეთ, სამაგიეროდ კი ჰყავთ კურატორ-სპონსორ-მეპატრონე! კარგი და ცუდი ხალხები კი არ არსებობენ – არიან კარგი და ცუდი მმართველები, რომლებიც, სხვათა შორის, მუდმივად ვერ იქნებიან. „რუსები ჩვენი მტრები არიან, აფხაზებსა და ოსებთან კი გასაყოფი არაფერი გვაქვს!“ – ყოველდღიურად აცხადებენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ტელევიზიით, და მაშინვე მახსენდება ზემოხსენებული ჰებელსისეული „ჩვენ ვეომებით მხოლოდ რუსებს, ხოლო კავკასიის ხალხებისთვის მონობისგან გათავისუფლება და ცივილიზაცია მოგვაქვს!“
თუ უცხოელ სამხედრო ინსტრუქტორებსა და ნატოს „წვრთნისა და აღჭურვის“ ტიპის ნაირგვარ პროგრამასაც გავითვალისწინებთ, მივხვდებით, რომ დამნაშავეა არა მარტო ტყვიის პირველი მსროლელი, არამედ ისიც, ვინც მას ხელში ჩახმახშეყენებული და დატენილი პისტოლეტი ჩაუდო! შეხედეთ, შეიარაღებისა და ფულის გარდა (რომლის ლომის წილიც ისევ და ისევ იარაღის შესყიდვაზე იხარჯებოდა!) ჩვენთვის არაფერი მოუციათ! რაღაც ვერ ვხედავ ჩვენში სახელგანთქმული დასავლური ბრენდების ფილიალებს – აღჭურვილობის, ავტომანქანების, მძიმე და მსუბუქი მრეწველობის მწარმოებელ ქარხნებს, მაღალტექნოლოგიურ საწარმოებს, სამაგიეროდ, დაგვეხმარნენ სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნაში ლოგისტიკით – საწვრთნელი პოლიგონები, ბაზები, აეროდრომები და მათთან მისასვლელი გზები...
სამხედრო საქმის გარდა, ჩვენ „დემოკრატიასაც“ გვასწავლიან: რასთან დაკავშირებით აღელდნენ ჩვენ გამო ისინი, ვინც თავად მუდამ არღვევდა ადამიანის უფლებებს, ხალხის კლასიფიცირებას კანის ფერით ახდენდა და, ჰიტლერის მსგავსად, თავისი სახლიდან ათასობით კმ-ით დაშორებულ სხვის მიწებზე თავისი ინტერესებისთვის იბრძოდა?! ფაშისტები საკუთარ თავს უმაღლეს რასად მიიჩნევდნენ, ამათაც თავი უმაღლესი სორტისა ჰგონიათ, უბრალოდ, ამას ხმამაღლა არ აცხადებენ. არ აცხადებენ, მაგრამ მაშინვე გესხმიან თავს, რადგან თავდასხმა მათი სტილია, ორმაგი სტანდარტები – მათი პოლიტიკა, თვითნებობა – მათი კანონი!
პროპაგანდისა და განათლების რაიხსმინისტრის, რაიხსლაიტერ ჰებელსის მსგავსად, ჩვენი „განმანათლებელ-განმათავისუფლებელნი“ იდეოლოგიურად დეზ-ინფორმაციულ ომსაც აწარმოებენ: ანტირუსული პროპაგანდის პიკი – ტელეარხი „პიკ“ („პირველი საინფორმაციო კავკასიური“), მისი შემქმნელი და წამყვანი ოლეგ (იგივე სანდრო) პანფილოვი, რომელიც კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ ერთაშორის შუღლსა და და რუსოფობიას თესავს (ამას სჯობდა პანფილოვს სახელი კი არა, გვარი შეეცვალა, რათა 1941 წელს დაღუპული საბჭოთა არმიის გმირის, გენერალ-მაიორ ივან ვასილევიჩ პანფილოვის გვარი არ შეერცხვინა!). „პიკ“-ის დღევანდელი მფლობელი, როგორც ჩანს, ნამდვილი „შპიკია“: დიდიბრიტანელი პარსონსი სამხედრო-საჰაერო ძალების ქართული სამსახურის ხელმძღვანელი იყო და, სავარაუდოდ, „ინტელიგენტურ სერვისში“ „დამატებითი შემოსავლისთვის“ მუშაობდა...
თუმცა კავკასიის რუსეთისგან ჩამოშორებაში, როგორც ამას ფიურერიც ოცნებობდა, დასავლელ სტრატეგებს ხელს რუსეთი უშლის. ამიტომ ახლა ტაქტიკა შეიცვალა: თუკი გუშინ ისინი „დაყავი და იბატონეს“ პრინციპით მოქმედებდნენ და კავკასიაში ერთმანეთს გადაჰკიდეს ყველა – აზერბაიჯანელები, სომხები, ქართველები, აფხაზები, ოსები, რუსები, ჩეჩნები, დღეს ყველას შეკავშირება სურთ ერთიან კავკასიად – რუსეთის წინააღმდეგ სამეგობროდ! ყურადღება მიაქციეთ – ბოლოხანებში ჩვენთან, თითქოსდა დაკვეთით, უხვად გამოჩნდნენ „ექსპერტები“ კავკასიის საკითხებში, რომლებიც რამდენიმე „მოსკოველ საზოგადო მოღვაწესთან“ ერთად უნისონში ატარებენ ახალი ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნის იდეას: „კავკასიის საქმეთა სახელმწიფო საბჭო“ მოწოდებულია, ლენგლიდან იმ ბატონების დაკვეთების საბჭოდ იქცეს, რომლებსაც კავკასიელი ხალხების ერთ ფეთქებადსაშიშ „კოქტეილად“ გაერთიანება და დიდი ჩრდილოელი მეზობლისთვის სროლა სურს!
თუმცა ეს გეგმა მხოლოდ რუსეთის კი არა, თავად კავკასიის ხალხების საწინააღმდეგოდაც არის მიმართული: განსხვავებული კულტურის, ენის, რელიგიის, პრიორიტეტებისა და პრობლემების მქონე ხალხი თუკი ამ „ჯოჯოხეთურ კოქტეილად“ გაერთიანდება, დაკარგავს ეროვნულ კულტურასა და თვითმყოფადობას, მცირე ხალხები და ეთნიკური ჯგუფები კი, უბრალოდ, გაქრება უფრო დიდ ჯგუფებთან ასიმილირების გამო, რომლებსაც ჩვენში თურქეთიდან, ირანიდან, ჩინეთიდან გადმოსახლებული ასობით ათასი კაცი და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული 100-ათასიან მისიონერთა კორპუსი – ე.წ. ინგლისურის მასწავლებელიც დაემატება.
ვინც დღეს ერთიან კავკასიაზე ლაპარაკობს, სწორედ მათი ბრალია, ჩვენ რომ ყველას ერთნაირად გვნათლავენ „კავკასიური ეროვნების პირად“! მე კი მინდა, რომ უწინდებურად, უბრალოდ, ქართველს მეძახდნენ, მაგრამ არა სიძულვილით, არამედ ნოსტალგიით...
ძვირფასო თანამემამულენო, შეიძლება ვინმე შემედაოს, აქაოდა, დღეს თანამემამულეები აღარ ვართ, სხვადასხვა სამშობლო გვაქვსო, მაგრამ ვუპასუხებ: დიახ, სსრკ აღარ არსებობს, მაგრამ ხომ დარჩა ხალხი, ვინც წარმომავლობით იქიდანაა?! აი მე, მაგალითად, წარმომავლობით სსრ კავშირიდან ვარ: რა ვუყოთ ჩვენს პრინციპებს?! თუ თქვენ, ძვირფასო ვეტერანებო, ტყუილუბრალოდ დაღვარეთ სისხლი დღეს არარსებული მამულისათვის?! არა, სანამ თუნდაც ორი თქვენგანი იცოცხლებს, ჩვენ თანამემამულეები ვიქნებით! თუმცა ჩვენ თანამემამულეები ვართ არა მხოლოდ სსრკ-დან, არამედ კავკასიიდანაც, ანუ ორმაგად თანამემამულეები გამოვდივართ! ასე რომ, დავიცვათ დღეს კავკასია, როგორც ის დაიცვეს ჩვენმა მამა-პაპებმა, თქვენ, ძვირფასო ვეტერანებო! საქინფორმი გილოცავთ დიადი გამარჯვების დღესასწაულს – 9 მაისს!
არნო ხიდირბეგიშვილი,
„საქინფორმი“-ს მთავარი რედაქტორი და გენერალური დირექტორი,
უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი
2024 წლის 9 მაისი,
საქართველო, თბილისი