აქტუალური
ირაკლი კობახიძე: თუ ჩვენ არ გავარღვევთ ამ ე.წ. პოლარიზაციის და რადიკალიზმის ჩაკეტილ წრეს, ძალიან გაგვიჭირდება გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა

 საქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. თუ ჩვენ არ გავარღვევთ ამ ე.წ. პოლარიზაციის და რადიკალიზმის ჩაკეტილ წრეს, ამ შემთხვევაში ძალიან გაგვიჭირდება გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საჭიროა სწორედ ამ ე.წ. პოლარიზაციის დაძლევა და ვითარების დამშვიდება იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობა.

რეალურად მარტივად არის საქმე. კონკრეტული ძალებისთვის პოლარიზაცია, რადიკალიზმი არის საკუთარი ინტერესების რეალიზების მთავარი ინსტრუმენტი და ამ კუთხით „ენჯეოების“ გაუმჭვირვალობა მათთვის ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს. სწორედ „ენჯეოების“ გაუმჭვირვალობა აძლევს მათ საშუალებას, რომ საქართველო დატოვონ ე.წ. პოლარიზაციის, იგივე რადიკალიზმის ჩაკეტილ წრეში. სწორედ იმიტომ ეწინააღმდეგებიან შესაბამისი ძალები გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას, რომ მათ სურთ ქვეყანა მუდმივად ამყოფონ რადიკალიზმის რეჟიმში და ე.წ. პოლარიზაციის რეჟიმში.

კიდევ ერთხელ გავიხსენებ, თქვენ გახსოვთ რა ხდებოდა 2020 წლის ბოლოს, რა ხდებოდა 2021 და 2022 წელს, შემდეგ 2023 წელს. 3 წლის გამავლობაში ქვეყანა იყო მუდმივი რევოლუციური სცენარების განხორციელების მცდელობის პირობებში და ეს აწყობთ კონკრეტულ ძალებს, მაგრამ ეს არ აწყობს ქართულ სახელმწიფოს და ეს არ აწყობს, რა თქმა უნდა, ქართულ საზოგადოებას. შესაბამისად, იმისათვის, რომ ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში დავამშვიდოთ ეს ქვეყანა, არის აუცილებელი ამ კანონის მიღება. იქნება, რა თქმა უნდა, აქციები დღეს, მესამე მოსმენის დროს, ვეტოს გადალახვის დროს, თუმცა ჩვენ თუ გავიტანთ ყველაფერს და რა თქმა უნდა, გავიტანთ ამ კანონს, ამ შემთხვევაში იქნება რამდენიმედღიანი დისკომფორტი, თუმცა ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში წლობით დავაზღვევთ ამ ქვეყანას პოლარიზაციისგან და რადიკალიზმისგან. ეს არის ძალიან პრინციპული ეროვნული ამოცანა. თუ ჩვენ არ გავარღვევთ ამ ე.წ. პოლარიზაციის და რადიკალიზმის ჩაკეტილ წრეს, ამ შემთხვევაში ძალიან გაგვიჭირდება გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ გვჭირდება სწორედ ამ ე.წ. პოლარიზაციის დაძლევა და ვითარების დამშვიდება იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობა, სიმშვიდე და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია“, - განაცხადა პრემიერმა.