საქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლა მიმდინარე წლის 28 მაისიდან ამოქმედდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოი ციენს შეხვდა, რომელმაც ქართულ მხარეს ოფიციალურად გადასცა ნოტა, რომლის თანახმადაც, ჩინეთის მხრიდან დასრულებულია 2024 წლის 10 აპრილს გაფორმებული „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმების“ ძალაში შესვლის პროცედურები.
აღნიშნულის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს უკვე 2024 წლის 28 მაისიდან საშუალება ეძლევათ, უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და დაყონ ქვეყანაში ზედიზედ 30 დღე.
„საქართველოსა და ჩინეთს შორის შემოღებული უვიზო რეჟიმი ორ ქვეყანას შორის გასულ წელს დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთ გამოხატულებასა და თანამშრომლობის მორიგ მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგს წარმოადგენს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ჩინეთის ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობათა დღის წესრიგის მიმდინარე საკითხები, მათ შორის, თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები პოლიტიკური, ეკონომიკური, ტურისტული და კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულებებით. ხაზი გაესვა იმ ახალი შესაძლებლობების სრულად გამოყენების მნიშვნელობას, რომლებიც ორ ქვეყანას შორის გასულ წელს დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ უვიზო რეჟიმის არსებობა ხელს შეუწყობს ორი მეგობარი ერისა და ხალხის დაახლოებას, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას, ხალხთაშორისი კონტაქტების, ტურისტული, კულტურული და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.
ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი საქართველოს მხრიდან 2023 წლის 11 სექტემბრიდან ამოქმედდა.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესების შესახებ კი მიმდინარე წლის 26 თებერვალს გახდა ცნობილი.