საზოგადოება
საქართველოზე მსჯელობისას ევროპარლამენტარებმა მიზნობრივი სანქციების დაწესება მოითხოვეს

 საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. 22-25 აპრილს სტრასბურგში გამართულ ევროპარლამენტის სხდომაზე, დეპუტატებმა საქართველოზე იმსჯელეს, რა დროსაც ყურადღება გაამახვილეს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართებით მის შეზღუდვებზე. ევროპარლამენტარებმა მკაცრად გააკრიტიკეს „ქართული ოცნება“ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებისთვის, ხოლო ზოგიერთმა მათგანმა მიზანმიმართული სანქციების შემოღება მოითხოვა იმ პირების მიმართ, რომელთაც კანონპროექტის ინიცირებას შეუწყვეს ხელი.

ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში იანეზ ლენარჩიჩმა თავის გახსნით სიტყვაში განაცხადა, რომ გასული კვირების განმავლობაში ათასობით მოქალაქე გამოვიდა საქართველოს ქუჩებში კანონპროექტის გაუქმების მოთხოვნით. მან განაცხადა, რომ „ჩვენ უკვე ვნახეთ შთამბეჭდავი სცენები გასული წლიდან – მოქალაქეები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით“, რომლებიც ავლენენ ძლიერ მხარდაჭერას დემოკრატიის, ევროპული ღირებულებებისა და საქართველოს ევროპული გზის მიმართ. მან გაიხსენა, რომ ერთი წლის წინ საქართველოს ხელისუფლებამ საჯარო პირობა დადო, რომ „ასეთი კანონმდებლობა აღარასოდეს დაბრუნდებოდა“. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა: „ეს კანონმდებლობა შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან“ და დასძინა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში „შეიძლება საფრთხე შეექმნას საქართველოს პროგრესს ევროკავშირის გზაზე“.

ლენარჩიჩმა ასევე განაცხადა, რომ „საქართველოს აქვს მომავალი ევროკავშირში“ და დასძინა: „კანდიდატის სტატუსმა ჩვენი ურთიერთობები უფრო დააახლოვა, ვიდრე ოდესმე“. მან აღნიშნა, რომ „ჩვენი კარი ღიაა“ და საქართველოს ხელისუფლებას ხალხის მოლოდინების განხორციელებისკენ მოუწოდა.

იანეზ ლენარჩიჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ჰყავს „აქტიური“ სამოქალაქო საზოგადოება და ხაზი გაუსვა მის როლს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პროგრესის მიღწევის საქმეში. მისი თქმით, „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი შეზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და იმ ორგანიზაციების სტიგმატიზაციას შეუწყობს ხელს, რომლებიც მოქალაქეებს ეხმარებიან. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს გავლენას მოახდენს ევროკავშირის მხარდაჭერაზე ქართველი ხალხის მიმართ. „გამჭვირვალობა არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც ინსტრუმენტ, შეზღუდოს სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობები იმოქმედონ თავისუფლად“, – განაცხადა ლენარჩიჩმა.

შემდეგ იგი ცხრა ნაბიჯს შეეხო, რომლებიც საქართველომ, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ უნდა შეასრულოს, და განაცხადა, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს კოპენჰაგენის კრიტერიუმები დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის შესახებ. მისი თქმით, ეს განსაზღვრავს გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების ბედს.

გამოსვლის დასასრულს, კომისარმა მოუწოდა საქართველოს ლიდერებს „ხელი შეუწყონ ეროვნულ კონსენსუსს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანზე“, შეამცირონ პოლარიზაცია და კონსტრუქციულად ჩაერთონ ერთმანეთთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ამ მიზნის მისაღწევად.

ლენარჩიჩის გახსნით სიტყვას ევროპარლამენტარების გამოსვლები მოყვა.

ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა განაცხადა, რომ ფაქტი ისაა, რომ „ეს კანონი იგივეა“, რაც უცხოური აგენტების შესახებ რუსული კანონი. მან გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და აღნიშნა, რომ „იმის ნაცვლად, რომ კრემლის მავნე გავლენას შეებრძოლოს და გამჭვირვალობა გააძლიეროს“, ეს კანონი ებრძვის დამოუკიდებელ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. „ჩვენი პასუხი უნდა იყოს მკაფიო“, – განაცხადა მან, კანონის მიღების შემთხვევაში „გაიყინოს გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება“. „ნებისმიერი სამომავლო დახმარების გაცემის პირობა ამ კანონის გაუქმება უნდა იყოს”. ლექსმანმა ევროკავშირის საბჭოს მოუწოდა, რომ სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილს და ამასთანავე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოწოდებაც გააჟღერა.

ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველების უმრავლესობას სურს იყოს ევროკავშირის ნაწილი და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ იმის საპირისპიროს აკეთებს, რაც ამის მისაღწევადაა საჭირო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს „უკუსვლა აქვს დემოკრატიის კუთხით“, „პრობლემები აქვს ძირითად თავისუფლებებთან“, ასევე სასამართლო სისტემასთან, პრესის თავისუფლებასთან და ლგბტ უფლებებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ევროპარლამენტმა და სსო-ებმა მიუთითეს ამ ხარვეზებზე. მან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება „სულ უფრო არალიბერალური და არაევროპული“ ხდება და ამის მაგალითად „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი მოიყვანა. სვენ მიკსერმა განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, შეიზღუდება სამოქალაქო საზოგადოების მოქმედების შესაძლებლობებს, შემცირდება გამოხატვის თავისუფლება და გზა გაიხსნება დისკრიმინაციისთვის. „ეს გავლენას იქონიებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა, მაგრამ კანონის მიღების შემთხვევაში, მას ევროკავშირში გაწევრიანების მოლოდინი აღარ უნდა ჰქონდეს.

ევროპარლამენტარმა ურმას პაეტმა განაცხადა, რომ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი ერთ-ერთი ბოლოა იმ ქმედებების სერიიდან, როგორიცაა ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების დევნა და ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკის გავრცელება. მან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ აჩვენებს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციას სერიოზულად არ უყურებს.

ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დაარღვია დაპირება, რომ არ შემოიღებდა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონს. მისი თქმით, მშვიდობიანი მომიტინგეები რეპრესიების წინაშე დგანან, კერძოდ, მან პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი ახსენა, რომელიც აქციის მონაწილეების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. მისი თქმით, „მტკივნეულია“ იმის ყურება, თუ როგორ უახლოვდება საქართველო „რუსულ სისტემას“ იმ ფონზე, როდესაც უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის. „კანდიდატის სტატუსი მუდმივი მიღწევა არ არის“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „შესაძლოა ამას ფინანსური შედეგები მოყვეს“.

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ განაცხადა: „ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ მიზანმიმართულ სანქციებზე, შესაძლოა, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ“ და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

ევროპარლამენტარმა მიხაელ გალერმა განაცხადა: „ამ კანონის ხელახლა ინიცირებით ვალდებულებები უხეშად დაირღვა“. მან ასევე აღნიშნა, რომ „ერთადერთი უცხოელი აგენტები, რომლებიც ამაში მონაწილეობენ, მმართველ პარტიაში მყოფი ხალხია“, და დასძინა, რომ „ქართული ოცნება“ ხელს უწყობს რუსული ტიპის მმართველობის პოპულარიზაციას ქვეყანაში და „შესაძლოა, რუსეთის სახელითაც“. მან ასევე გაიხსენა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მოახლოებული ვიზიტი ბუდაპეშტში, სადაც იგი კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე [CPAC] სიტყვით გამოვა. „ამიტომ, ძალიან მაინტერესებს, საით მიდის ეს ქვეყანა და მმართველი პარტია“, – აღნიშნა მან. ევროპარლამენტარმა ასევე განაცხადა: „ჩვენ სოლიდარული ვართ მომიტინგეებთან“. მან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა ივანიშვილს სანქციები უნდა დაუწესოს, რადგან ყველაფრის უკან სწორედ ის დგას.

ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა განაცხადა, რომ მას ორი გზავნილი აქვს – პირველი, პოლიტიკოსების, კერძოდ, „ქართული ოცნების“ მისამართით, რათა შეწყვიტონ საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის საფრთხის შექმნა. მან განაცხადა, რომ „ეს [აგენტების შესახებ კანონი] არის გრძელი პროცესი, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უკეთ უნდა გამოიყენოს ისტორიული შესაძლებლობა ევროკავშირში ინტეგრაციის მისაღწევად. მას მეორე გზავნილი ქართველი ხალხისადმი ჰქონდა. „თქვენ გაქვთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა“ – განაცხადა მან. მისი თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ შემდეგი მოწვევის ევროპარლამენტი გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას, მაგრამ „თქვენ თქვენი წილი საქმე უნდა შეასრულოთ, წახვიდეთ არჩევნებზე ოქტომბერში და აირჩიოთ ჭეშმარიტად ევროპული და პროგრესული ეროვნული პარლამენტი“.

ევროპარლამენტარმა პეტრას აუშტრევიჩიუსმა განაცხადა, რომ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი არის „სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის კონტროლის მცდელობა“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს „ეწინააღმდეგება საქართველოს კანდიდატის სტატუსს“. „მე გულთბილად მივესალმები ქართველ ხალხს, რომელიც ეწინააღმდეგება ასეთ ნაბიჯს.” პეტრას აუშტრევიჩიუსმა ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდა, გამოიყენონ მიზანმიმართული სანქციები იმ პირების მიმართ, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს და, მათ შორის დაასახელა ვაჟა სირაძე და ზვიად ხარაზიშვილი [შსს-ს მაღალჩინოსნები, რომლებიც მომიტინგეების მიმართ არასათანადო მოპყრობით არიან ცნობილნი].

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოში მიმდინარე პროცესი თოჯინების სპექტაკლს შეადარა და 83 დეპუტატს, რომლებმაც პირველ მოსმენაზე ხმა მისცეს კანონპროექტს, „83 ღილაკის დამჭერი“ უწოდა. მან გააკრიტიკა „ოლიგარქი“, რომელიც, მისი თქმით, „მითითებებს რუსეთიდან იღებს“ და „ანადგურებს საქართველოს მომავალს“. ევროპარლამენტარმა იმედი გამოთქვა, რომ ქართველი ხალხი „არ დაჯდება და არ დაელოდება“ და ხაზი გაუსვა ახალგაზრდების როლს კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებში. „ჩვენ ვდგავართ საქართველოს მამაცი ხალხის გვერდით მათი და ჩვენი ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში“, – დასძინა მან.

ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ევროკავშირის გზაზე საქართველოს პროგრესის შესაჩერებლად „განზრახ მოქმედებისთვის“ და მას „ევროკავშირის გზაზე დაბრკოლება“ უწოდა.

დებატების დასასრულს, კომისარმა ლენარჩიჩმა აღნიშნა: „დღევანდელი დებატები ცხადყოფს, რომ ჩვენ ვიზიარებთ სურვილს ვიხილოთ საქართველოს წარმატება რეფორმებში და ევროპულ გზაზე და ეს არის ასევე საქართველოს ხალხის სურვილი. ახლა გვჭირდება, რომ ეს საქართველოს ლიდერებმა განახორციელონ“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „კანდიდატ ქვეყნად ყოფნა მოითხოვს ახალ ძალისხმევას და ასევე ზრდის ხელისუფლების, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების პასუხისმგებლობას“.

მან განაცხადა, რომ ევროკავშირი „გააგრძელებს რეფორმების მონიტორინგს“ და აღნიშნა: „ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ საქართველოს მათ განხორციელებაში“. „მაგრამ ჩვენ დავგმობთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც ძირს უთხრის კანონის უზენაესობას, დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს“, – დასძინა მან.

ამჟამად, საქართველოს შესახებ რეზოლუციის ხუთი სამუშაო ვერსია არსებობს. რეზოლუციის საბოლოო ვერსიას ევროპარლამენტარები, სავარაუდოდ, 25 აპრილს უყრიან კენჭს.