პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: უცხოელების მხრიდან თავდასხმები ქართულ პოლიციაზე არის იდეოლოგიური წაქეზება იმ ძალადობისა, რომელსაც შემდეგ ვხედავთ პოლიციის მიმართ

 საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. უცხოელების მხრიდან თავდასხმები ქართულ პოლიციაზე, ქართულ სახელმწიფოზე არის იდეოლოგიური წაქეზება იმ ძალადობისა, რომელსაც შემდეგ ვხედავთ ხოლმე პოლიციის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ ამასწინანდელ განცხადებებს გამოეხმაურა.

ჩვენ ვნახეთ აქცია, რომელიც გადაიზარდა ძალადობაში. მათ შორის, იყო თავდასხმა ჟურნალისტებზე, პოლიციელებზე, ქვას თუ რაღაც საგანს ესროდნენ პოლიციას. იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა. გაგახსენებთ, რას სკანდირებდა გარკვეული ჯგუფი და ეს წინადადება ვისი მოფიქრებულია თავის დროზე. 7 ნოემბრიდან გვახსოვს ეს ყველაფერი.

არსებობს სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც ასეთ საკითხებს იკვლევს, მაგრამ ჩვენ ვხედავდით სხვადასხვა ჯგუფს, რომლებიც აგრესიით გამოირჩეოდნენ. იყო ძალადობა პოლიციაზე, ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლა. ვნახეთ მცდელობა, მოწოდებები, მათ შორის „ენჯეოების“ წარმომადგენლების მხრიდან, რომ მომხდარიყო პარლამენტის პიკეტირება მაშინ, როდესაც პარლამენტში სამუშაო პროცესი მიმდინარეობდა. დავუბრუნდები ევროპარლამენტარების განცხადებას, უცხოელების მხრიდან თავდასხმები ქართულ პოლიციაზე, იმავე ქართულ სახელმწიფოზე არის იდეოლოგიური წაქეზება იმ ძალადობისა, რომელსაც შემდეგ ვხედავთ ხოლმე პოლიციის მიმართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.