საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ საქართველოში გამჭვირვალე არჩევნებსა და მის გარშემო სამართლებრივ ჩარჩოზე, თუმცა ეს იოლი არაა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან გააკრიტიკა საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და განაცხადა, რომ ის მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის სამიზნე, ის არასამთავრობო ორგანიზაციებია, რომლებიც მხარს უჭერდნენ არჩევნების დაკვირვებას, აპროტესტებდნენ დარღვევებს და ა.შ. მეორე, თუკი ივანიშვილის წინააღმდეგ ბრალდებებს სანქციები მოჰყვება, ივანიშვილს უნდა ჰქონდეს ოფშორებიდან საკუთარი აქტივებისა და ფულის დაბრუნების ინსტრუმენტი - ამას ითვალისწინებს კიდევ ერთი კანონი, რომელსაც კენჭი გასულ კვირას უყარეს. რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ვფიქრობ, უნდა დავაწესოთ სანქციები, რაც შეიძლება მალე უზრუნველვყოთ, რომ ეს სანქციები მიმართული იყოს მათ წინააღმდეგ, ვისაც სურთ, საქართველო სხვაგვარად გარდაქმნან და რუსული მოდელის მიხედვით გარდაქმნან და ააშენონ - ეს მიუღებელია. „ქართულმა ოცნებამ“ არ უნდა გაგვასულელოს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბერლინში მისი ვიზიტის დროს ვერ აიტანა კრიტიკა კანცლერისგან და თარჯიმანი ტექსტის არასწორად თარგმნაში დაადანაშაულა. მინდა ვთქვა, ჩვენ ვართ პროფესიონალები, ვიცით რა ხდება, ვაკვირდებით ძალიან, ძალიან ყურადღებით, რა ხდება საქართველოში და „ქართული ოცნება“ ვერ გაგვასულელებს, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ხისტად შეეცდებიან ამას. ჩვენ ვართ ერთიანი და მხარს დავუჭერთ საქართველოს, განაგრძოს გზა ევროპულ გზაზე“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
კითხვაზე, რა მოხდება, თუ "ქართული ოცნება" რუსულ კანონს მიიღებს და რა იქნება საერთაშორისო საზოგადოების რეაგირება, ევროპარლამენტარმა უპასუხა:
„თუკი ამ კანონის გაწვევა არ მოხდება, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შანსი არ არსებობს. ვგულისხმობ იმას, რომ არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეთ ევროპულ ღირებულებებს ასეთი კანონით და შემდეგ ითხოვდეთ, გაწევრიანებას, ჩემი აზრით, ეს შეუძლებელია. ამიტომ, მოვითხოვდი კანდიდატის სტატუსის მოხსნას", - აღნიშნა ვიოლა ფონ კრამონმა.