საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: სრული უფლება გვაქვს, არასამთავრობო ორგანიზაციებს მოვთხოვოთ გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი

 საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შეესაბამება ყველა ძირითად პრინციპს. გამჭვირვალობას ალტერნატივა არ გააჩნია დემოკრატიულ სახელმწიფოში და მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გერმანიის ფედერალურ კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ცოტა ხნის წინ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს ევროკომისიამაც დაუჭირა მხარი.

ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ერთადერთი, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს, არის არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ფინანსების ყოველწლიური გასაჯაროება და აქამდე ვერ მოხდა იმის დასაბუთება, ამ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გამჭვირვალობის პრინციპი რატომ არ უნდა იყოს დაცული.

მას შემდეგ, რაც მე დავინიშნე საქართველოს პრემიერ-მინისტრად, ყველა გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის მიერ იქნა გამოქვეყნებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის ქმედუნარიანობისთვის. აღნიშნული გარემოებების პირობებში, ჩვენ სრული უფლება გვაქვს, არასამთავრობო ორგანიზაციებს მოვთხოვოთ მინიმალური სტანდარტი გამჭვირვალობის თვალსაზრისით.

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოური ქვეყნების ინტერესით მოქმედებენ, ახორციელებენ გარკვეულ ნაბიჯებს და 2020 წლის შემდეგ უკვე იყო მცდელობის ორი შემთხვევა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს არა საპარლამენტო, დემოკრატიული არჩევნების, არამედ ქუჩაში გამოსვლების გზით. დაფინანსება ბოლო წლების განმავლობაში მოხდა, მათ შორის, არალეგალური გზებით, რაც ბოლო პერიოდში ყალიბდება არალეგალურ პრაქტიკად. ჩვენ ვხედავთ, რომ არ არიან დაინტერესებული ეს ორგანიზაციები, გამოაქვეყნონ ანგარიშები, ხელს უწყობენ საზოგადოების პოლარიზაციას. საქართველოში ყველა პროცესი გამჭვირვალეა, ჩვენ გახსნილი ვართ დისკუსიისთვის. ჰანს კელზენმა ერთხელ აღნიშნა, რომ ფუნქციონირებადი დემოკრატია თავდაცვისუნარიანი უნდა იყოს. მე, სხვათა შორის, გერმანიაში ვისწავლე და დარწმუნებული ვარ, აღნიშნული კანონი გამჭვირვალობის შესახებ ხელს შეუწყობს ძლიერი, დასაბუთებული, ფუნდამენტური დემოკრატიის ჩამოყალიბებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.