პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა

 საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოსა და გერმანიის წარმატებულ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

ხაზგასმით აღინიშნა გერმანიის, როგორც ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერის როლი საქართველოს ინსტიტუციური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში.

ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებას.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთგულია და უახლოეს მიზნად ისახავს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას, ამ პროცესში გერმანიის თანადგომას კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და გერმანიის ხელისუფლების ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, რისთვისაც ირაკლი კობახიძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის პრეზიდენტის სასახლეში საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.