ბოლო დროს საზოგადოებაში ვრცელდება ხმები, თითქოს რელიგიის შესახებ ახლად მიღებულ კანონთან დაკავშირებით სინოდის წევრთა აზრი გაიყო და ამიტომ ეკლესიამ უკან დაიხია, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.
აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით წმიდა სინოდმა ერთხმად დააფიქსირა თავისი უარყოფითი პოზიცია; ამასთან, ამ ეტაპზე აირჩია ის გზა, რომელიც ხელისუფლების მხრიდან დამცავი მექანიზმების შექმნას ითვალისწინებს და თავისი გადაწყვეტილებები სინოდის განჩინებაში დააფიქსირა; ესეც მღვდელმთავართა საერთო შეთანხმების შედეგი იყო. კენჭისყრის შესახებ გავრცელებული ხმები კი სხვა თემას უკავშირდება.
ეკლესია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ არსებულ ვითარებაში ჩვენი მორწმუნეების, ჩვენი ერის სამართლიანი უფლებები დაიცვას.
ჯერი ახლა ხელისუფლებაზეა.წმიდა სინოდის მიმართვიდან გამომდინარე, ველოდებით ქმედით დადებით ნაბიჯებს. ხელისუფლების წარმომადგენლებთან პირველი მოსამზადებელი შეხვედრა უკვე შედგა. ვიმედოვნებთ, მომდევნო შეხვედრებიც მალე მოხდება და შედეგიანი იქნება. ჩვენის მხრივ, საზოგადოებას დროულად ჩავაყენებთ საქმის კურსში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით;
ასე რომ, ჩვენი ეკლესიის პოზიციების დაცვა გრძელდება და ამას ყოველთვის გავაკეთებთ; ეს ამავე დროს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა, რადგან მართლმადიდებელმა სარწმუნოებამ ჩამოაყალიბა და შეინარჩუნა ერთიანი ქართული ქრისტიანული სახელმწიფო, რაც გულისხმობს როგორც უნიკალური ქართული კულტურის და ქართველი ადამიანის ცხოვრების და აზროვნების წესის განსაზღვრას, ისე საქართველოში მცხოვრები სხვა ერისა და სარწმუნოების წარმომადგენლებისადმი ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული კეთილმეზობლური და მეგობრული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
დიახ, ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა არის სხვა რელიგიის წარმომადგენელთა უფლებების დაცვაც, რასაც ყოველთვის მხარს ვუჭერდით და პოზიციას ამის შესახებ მუდამ ვაფიქსირებდით, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ქვეყნის უდიდესი უმრავლესობის – მართლმადიდებელი ქრისტიანების, სამართლიანი მოთხოვნების დისკრიმინაციის ხარჯზე.
საქინფორმი