საზოგადოება
რატი ბრეგაძე: სტრასბურგის გადაწყვეტილება არის მძლავრი სამართლებრივი იარაღი, რომ ბორდერიზაცია სრულიად უკანონოა

 საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. ერთია – ჩვენ თავად ვიცოდეთ, რომ მართლები ვართ, მაგრამ მეორეა, რომ სწორედ ამ სიმართლით შეიარაღებული წარვდგეთ მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ეხება 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაწყებული „ბორდერიზაციის“ შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს.

სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არის ძალიან მძლავრი სამართლებრივი იარაღი, რომელიც ჩვენ გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ნებისმიერი დარღვევა, რომელსაც ადგილი აქვს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სრულად შეერაცხება რუსეთის ფედერაციას და პასუხისმგებელია ეს სახელმწიფო. ასევე, ბორდერიზაციის პროცესი არის სრულიად უკანონო“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

კითხვაზე, საქართველოს ხელისუფლებას დამატებით კიდევ რამდენი საჩივარი აქვს შეტანილი რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში, რატი ბრეგაძემ აღნიშნა:

როგორც მოგეხსენებათ, რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლო აღარ იღებს სარჩელებს, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი უკვე აღარ არის ევროსაბჭოს წევრი და ეს გამარჯვება სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენ თავისუფლად ვიყოთ შეიარაღებული ძალიან მძლავრი სიმართლით, რათა ვიბრძოლოთ მაქსიმალურად ერთობლივად, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაციისთვის“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დღეს გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, რომელიც ეხება 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაწყებული „ბორდერიზაციის“ შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს.

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი დარღვევა დაადგინა.