პოლიტიკა
საჯარო რეესტრმა პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ რეგისტრაცია გააუქმა

 საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ ალტ-ინფო", რომელიც ემხრობა ულტრამემარჯვენე შეხედულებებს და მხარს უჭერს რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას, აპირებს გააპროტესტოს საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნების წინ პარტიის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, განაცხადა პარტიის დამფუძნებელმა კონსტანტინე მორგოშიამ „Sputnik-საქართველოსთან".

გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო პარტიის რეგისტრაციისას რამდენიმე დარღვევა. ერთ-ერთია ის, რომ პარტიის განახლებულ წესდებას, რომელიც სააგენტოში 2021 წლის 6 დეკემბერს შევიდა, არ ჰქონდა პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ყველა წევრის ხელმოწერა, როგორც ამას კანონი მოითხოვს. მასზე მხოლოს მორგოშიას ხელმოწერა იყო, რომელიც ყრილობას თავმჯდომარეობდა.

პარტია „კონსერვატიული მოძრაობის" რეგისტრაციის კანონიერების შესწავლის ინიციატორი ანტიკორუფციული ბიურო იყო, ნათქვამია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

2021 წლის 2 და 6 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დამატებით წარედგინა კორექტირებული დოკუმენტაცია, მათ შორის, წესდების ახალი რედაქცია. დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდება, რომ წესდების ახალი რედაქცია პარტიის ყრილობის მიერ იყო მიღებული", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც მორგოშიამ განაცხადა, პარტიის წესდებაში ცვლილებები განხორციელდა იმის გამო, რომ ზურა მახარაძე რაღაც მიზეზების გამო ადგილზე არ იმყოფებოდა და პარტიის თავმჯდომარედ გიორგი ქარდავა აირჩიეს.

რაღაც ტექნიკურ საკითხებზე იყო პრეტენზია, ყველაფერი ასეც რომ ყოფილიყო, გავიდა ორი წელი და ამ ხნის განმავლობაში არ დაგვკავშირებიან. მართლაც რომ ყოფილიყო რაიმე შეცდომა, ისინი მაინც ვერ შეძლებდნენ პირველადი რეგისტრაციის გაუქმებას. მათ კი აიღეს და მთლიანად გააუქმეს პარტია“, - განაცხადა მორგოშიამ.

მან სააგენტოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.

ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პოლიტიკურად მოტივირებული. ზეწოლა ჩვენი მზარდი რეიტინგის გამო ხდება. ჩვენ რომ არავის ვაინტერესებდეთ და არ გვქონდეს წონა, ჩვენზე ასეთი რეპრესიები არ იქნებოდა“, - განაცხადა მორგოშიამ.

მისი თქმით, პარტიის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება გასაჩივრდება იურიდიულად, ასევე იგეგმება საპროტესტო აქციის გამართვა.

გასაჩივრებაზე ჩვენ იურისტები მუშაობენ, აქცია კი, მე უკვე ვესაუბრე ბიჭებს, აუცილებლად ამ კვირაში ჩატარდება", - აღნიშნა მორგოშიამ.

გასულ კვირაში „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირებისთვის 25 ათასი მოქალაქის ხელმოწერა წარუდგინა. პარტია შეიქმნა „ალტ-ინფოს" ინტერნეტ-პლატფორმის ბაზაზე.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდება.