საქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი. უზბეკეთთან დიდი ხნის ურთიერთობა გვაკავშირებს, თუმცა ამ ურთიერთობების ინტენსივობა ჯერ კიდევ წინაა, რადგან უზბეკეთი არის დიდი შესაძლებლობების სახელმწიფო, ერთ-ერთი ცენტრალური ქვეყანა როგორც ცენტრალურ აზიაში, ისე დამაკავშირებელი ხიდი უფრო შორეულ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა უზბეკეთის რესპუბლიკაში ვიზიტისას განაცხადა.
სუბარის თქმით, საქართველოსა და უზბეკეთის ურთიერთობებს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.
„უზბეკეთი ტურისტულადაც ძალიან საინტერესო ქვეყანაა, ისევე როგორც უზბეკეთში ძალიან დიდია ინტერესი საქართველოს მიმართ. ამ მხრივაც ჩვენი ურთიერთობების ინტენსიფიკაცია არის შესაძლებელი და ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
სოზარ სუბარის განმარტებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ძალიან საინტერესო და დატვირთული შეხვედრები ჰქონდა.
„შეხვედრები მნიშვნელოვანი იყო ინფორმაციების გაცვლისა და სამომავლო ურთიერთობების თვალსაზრისით“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილი; თურქმენეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი; უზბეკეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი ანტონ ობოლაშვილი; აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი სოზარ სუბარი.