საზოგადოება
ლაშა დარსალია: დევნილთა დაბრუნებაზე როგორც კი დგება საკითხი, რუსეთის დელეგაცია ტოვებს მოლაპარაკებებს

 საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. სამწუხაროდ, როგორც მოსალოდნელი იყო, ჟენევის მოლაპარაკებების მე-60 რაუნდიც მოლაპარაკებების შეწყვეტით დასრულდა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მხარეებმა არა მხოლოდ ფუნდამენტურ საკითხებზე, სხვა საკითხებზეც ვერ მიაღწიეს შეთანხმებას.

საკითხი როგორც კი მიდის დევნილთა დაბრუნებაზე, რუსეთის დელეგაცია ტოვებს მოლაპარაკებათა მაგიდას. ამჯერადაც იგივე განმეორდა. რუსეთის დელეგაცია არ იჩენს არც მოქნილობას და არც მზაობას, რათა განიხილოს ფუნდამენტური საკითხები, როგორებიც არის დევნილთა დაბრუნება, 6-პუნქტიანი შეთანხმების ძირითადი პუნქტების შესრულება, ძალების გაყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან. სამწუხაროა, რომ არამხოლოდ ფუნდამენტურ, სხვა საკითხებზეც ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას. მაგალითად, თუნდაც გალის შეხვედრების აღდგენის თემაზე კვლავ გრძელდება ვაჭრობა ამ საკითხით და პირობების წაყენება. მიუღებელია თავად პირობების წაყენება, რადგან მისი აღდგენა და მუშაობის პრინციპები გაწერილია. გრძელდება ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საკითხებით ვაჭრობა. სამწუხაროა, რომ არის მცდელობა, ეს თემები გამოყენებული იყოს როგორც ზეწოლის ინსტრუმენტი ქართულ მხარეზე. ეს რეალობა გრძელდება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ დესტრუქციულ მიდგომას, რომელიც აქვს ჩვენს მოწინააღმდეგე მხარეს“, – განაცხადა დარსალიამ.