სამართალი
12 ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

 საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. 12 ევროპული ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები საქართველოში „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის“ კანონპროექტის წარდგენასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ და მმართველ პარტიას მოუწოდებენ, უკან გაიხმოს ის.

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის, ირლანდიის, დანიის, ნორვეგიის, ჩეხეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები.

განცხადების თანახმად, მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის“ კანონპროექტი არის გასული წლის უცხოური აგენტების შესახებ ე.წ. რუსული კანონის ზუსტი ასლი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2023 წლის მაისში საქართველოს მმართველმა პარტიამ ქართველი ხალხის მობილიზაციისა და დიდი ზეწოლის შედეგად დადო პირობა, „უპირობოდ გაეხმო უკან“ კანონპროექტი საპარლამენტო განხილვებიდან.

განცხადების ავტორები შეშფოთებას გამოთქვამენ „პუტინის რუსული სტილის კანონის“ შინაარსის გამო და აღნიშნავენ, რომ ის მიმართულია საქართველოს აქტიური პროევროპული სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის შესუსტების, სტიგმატიზაციისკენ მაშინ, როდესაც ის მიიჩნევა საქართველოს უდიდეს აქტივად, იმედად და ბიუჯეტის, დაფინანსების კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე სამოქალაქო საზოგადოების სახელით სარგებლობს.

ევროპელი პარლამენტარები აღნიშნავენ, რომ ამ კანონპროექტის ხელახლა წარდგენა სერიოზულად უთხრის ძირს საქართველოს რთულად მოპოვებულ ევროპულ პერსპექტივასა და კანდიდატის სტატუსს, რადგან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის და მედიის თავისუფლებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, შენარჩუნება არის დემოკრატიის ქვაკუთხედი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის წარმატებისთვის.

ერთობლივი განცხადების ავტორები ამ კანონპროექტის წარდგენას განიხილავენ, როგორც მტრულ ნაბიჯს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების, მათი მომავლისთვის და სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამენ ამის გამო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმებოდა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 ნაბიჯი წევრობის შესახებ მოლაპარაკებების გასახსნელად წინსვლისთვის და ამ დროისთვის რეკომენდაციებიდან საქართველოს შესრულებული აქვს მხოლოდ სამი.

კანონმდებლები ხაზს უსვამენ, რომ ნაბიჯი ცხრა მოიცავს რეკომენდაციას, რომ საქართველომ სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მუშაობა უზრუნველყოს და ნაბიჯი ერთი მოუწოდებს საქართველოს, ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციას ებრძოლოს.

მოვუწოდებთ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, გაიხმოს კანონპროექტი საპარლამენტო განხილვებიდან, ვინაიდან ჩვენ განვაგრძობთ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას და ველოდებით, რომ საქართველო შეასრულებს თავის ვალდებულებებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების გასაძლიერებლად. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ აჩვენებს თავის სიმწიფეს და მტკიცე მზადყოფნას ევროპულ, ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისთვის. სასწორზე ქართველი ხალხის მომავალია“, – ნათქვამია განცხადებაში.