ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, ვარშავაში სექტემბრის ბოლოს დაგეგმილი აღმოსავლეთ ევროპის სამიტი გამოიყენოს, რათა „წარადგინოს საქართველო როგორც რეფორმებისადმი და ევროპული გზისადმი ერთგული ქვეყანა“.
22 ივლისს ბათუმში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ გიორგი ბარამიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას ფულემ განაცხადა, რომ საქართველომ ბოლო წლებში „უზარმაზარ პროგრესს“ მიაღწია.
თუმცა მან, ასევე, განაცხადა, რომ ოთხი ძირითადი საკითხი არსებობს საშინაო პოლიტიკის კუთხით, რომლებზეც „ახლა საქართველომ ფოკუსირება უნდა მოახდინოს“.„პირველია დემოკრატიის კონსოლიდაცია; მეორეა პოლიტიკური პლურალიზმი, მათ შორის, მედიაპლურალიზმი; მესამეა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და მეოთხე – ქვეყანაში უფრო ინკლუზიური გარემოს შექმნა და რეფორმების განხორციელების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვა“, – განაცხადა ევროკომისარმა, რომელიც ბათუმში მერვე საერთშორისო კონფერენციას – „საქართველოს ევროპული გზა“ – ესწრებოდა.
მან ხაზი გაუსვა „ხელისუფლების შეკავებისა და გაწონასწორების მკაფიო სისტემის“ აუცილებლობას.
ბათუმში 22 ივლისს საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას ფულემ ამ საკითხებზე უფრო დეტალურად ისაუბრა. მან განაცხადა, რომ „საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციაა საჭირო“.
„ხელისუფლების შეკავებისა და გაწონასწორების უფრო მკაფიო სისტემაა საჭირო. უფრო ტოლერანტული და პლურალისტური პოლიტიკური კულტურაა საჭირო“, – განაცხადა ფულემ.
მისი თქმით, 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ჭეშმარიტად თანაბარი პირობების შექმნა აუცილებელია წარმატებისთვის.
„ეს არჩევნები მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება ქართული დემოკრატიისთვის. ამავე დროს, ყველა პოლიტიკური ძალა და, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ერთად უნდა ჩაერთონ საარჩევნო სისტემის რეფორმის საქმეში“, – განაცხადა ევროკომისარმა.
რაც შეეხება სასამართლო სისტემას, მან განაცხადა, რომ „დაუშვებელია სასამართლო სისტემაზე პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენა და ეს ის არის, რასაც ევროკავშირი ზედმიწევნით აკვირდება“.
„ასევე, მიმაჩნია, რომ ამ კუთხით საქართველოში არსებობს გაუმჯობესების შესაძლებლობა“, – განაცხადა ფულემ.
სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით ფულემ აღნიშნა, რომ ბათუმი თავისი ინფრასტრუქტურული პროექტებითა და აღმშენებლობით „შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ სწრაფად ვითარდება საქართველო“.
„თუმცა მე მიმაჩნია, რომ ბათუმის დიდებული ბულვარების მიღმა სხვა საქართველოც არსებობს – საქართველო, რომელსაც მდგრადი განვითარება სჭირდება; საქართველო, რომელსაც სოციალური და რეგიონული უთანასწორობის შემცირება სჭირდება; საქართველო, რომელსაც სამუშაო ადგილების შექმნა სჭირდება და ცხოვრების უფრო მაღალი პირობები თავისი ხალხისთვის. ეს არის ევროპული გზა“, – განაცხადა ევროკომისარმა.
„თუ საქართველო სერიოზულად გადაწყვეტს ამ გზაზე დადგომას, მას ყოვლისმომცველი და გადამწყვეტი რეფორმების განხორციელება დასჭირდება. თუმცა ამ გზის ბოლოს იქნება მდგრადი, დაბალანსებული და გრძელვადიანი განვითარება ყველასთვის“, – დასძინა მან.
ბათუმში ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც შეხვედრაზე იქნა განხილული, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების დაწყების პერსპექტივებს ეხებოდა.
ბარამიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება პირდაპირ კავშირშია მოსახლეობის კეთილდღეობასთან, ვინაიდან ვაჭრობის ეს რეჟიმი ევროპასთან ნიშნავს მეტი ინვესტიციების მოზიდვას. მან, ასევე, განაცხადა, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება, ფაქტობრივად, ევროკავშირთან სრული ინტეგრაციის ტოლფასი იქნება.
ბარამიძის თქმით, ამ სავაჭრო რეჟიმის მოპოვება იქნება მნიშვნელოვანი და უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯი. ბარამიძემ იქვე დასძინა, რომ, ევროკომისარ შტეფან ფულეს განცხადებით, ძალიან მალე, სავარაუდოდ, სექტემბერში გახდება ცნობილი, თუ როდის დაიწყება მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე.
იმავე პრესკონფერენციაზე საუბრისას ფულემ განაცხადა, რომ საქართველომ პროგრესს მიაღწია ყველა იმ ძირითად რეკომენდაციაზე, რომელთა გათვალისწინებაც საჭიროა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მისი თქმით, მოლაპარაკებების დაწყების თარიღის გამოცხადება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პრეროგატივაა.
საქინფორმი