პოლიტიკა
საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომელიც სავალდებულო კვოტირების გაუქმებას გულისხმობს, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა

 საქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომელიც სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმებას გულისხმობს, პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით, 85 ხმით 22-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

ასევე, კანონპროექტით, პარტიულ სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობის მინიმალური ოდენობა განისაზღვრება 30-ით, ნაცვლად 60-სა. ცვლილება შედის ასევე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში, რომლის თანახმადაც, უქმდება ის მექანიზმი, რომელიც პარტიებს დამატებით ფინანსურ წახალისებას სთავაზობს სიებში ქალი კანდიდატების შესაბამისი პროპორციით ჩაწერის გამო.

„გირჩის“ მიერ ინიცირებული პროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო. პირველი მოსმენა – წინა დღეს, მეორე და მესამე მოსმენა კი გუშნ გაიმართა. ​კანონპროექტების ინიციატორები არიან იაგო ხვიჩია, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ვახტანგ მეგრელიშვილი და ჰერმან საბო.

კანონპროექტის ინიციატორებს მიაჩნიათ, რომ კვოტირების გაუქმება თანაბარ პირობებს შექმნის, ქალები და მამაკაცები გათანაბრებულები იქნებიან უფლებრივად. პრივილეგიებს ვაუქმებთ, პრივილეგიების გაუქმება როგორ შეიძლება იყოს ქალების წინააღმდეგ ბრძოლა“, – განაცხადა კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.