საზოგადოება
ალეკო ელისაშვილი: აბჯარი აისხით, მოემზადეთ, დიდი ვნებათაღელვა გველოდება

 საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. არასამთავროების დაფინანსება 100 პროცენტით გამჭვირვალეა. ტყუილია, რომ შავ ფულს იღებენ, ეს კანონი არ უნდა გავატანინოთ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, ქართველმა ხალხმა „ქართულ ოცნებას“ ამ კანონის მიღების საშუალება არ უნდა მისცეს.

რასაც აკეთებენ, ეს არის მავნებლობა და ბოროტება ქვეყნის წინააღმდეგ. ეს ქვეყანა ერთხელ ხომ აწვალეს და კინაღამ ამოატრიალეს? რუსულია. ვინც რუსულს დაუძახებს, შეურაცხყოფააო. არ უნდა გავატანინოთ, რა რუსული კანონი საქართველოში? ყველაფერი გამჭვირვალეა, არასამთავროების დაფინანსება 100 პროცენტით გამჭვირვალეა. ტყუილია, რომ შავ ფულს იღებენ. ალბათ რუსებთან ვალდებულებები აქვთ და ავალდებულებენ. ამ ყველაფერს ნორმალური ახსნა არ აქვს, ეს კანონი არ უნდა გავატანინოთ. ვისაც უნდა ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება, მათ მოვუწოდებ, აბჯარი აისხით, მოემზადეთ, დიდი ვნებათაღელვა გველოდება, ეს არ უნდა გავატანინოთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

„ქართული ოცნება“ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს ხელახლა წარადგენს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კანონპროექტი პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით – კანონპროექტში ტერმინი „უცხოური აგენტი“ შეიცვლება და წარდგენილი იქნება შემდეგი ვარიანტი: „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.