აქტუალური
„ენგურჰესმა“ მუშაობა შეწყვიტა

 საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს უდიდესმა ჰიდროელექტროსადგურმა „ენგურჰესმა" 2 აპრილიდან მუშაობა რამდენიმე დღით, სავარაუდოდ, 10 აპრილამდე შეწყვიტა, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჰესის მუშაობის შეჩერების მიზეზად სადერივაციო გვირაბის დათვალიერება და საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება დასახელდა.

სადერივაციო გვირაბის დაცლა და მისი დეტალური შესწავლა საჭიროა „ენგურჰესის" რეაბილიტაციის მეოთხე ეტაპის ფინალური ფაზის ფარგლებშიც, რათა აუცილებელი სამუშაოები ზუსტად განისაზღვროს", - ნათქვამია განცხადებაში.

გვირაბის დათვალიერებისა და შესწავლის შემდეგ „ენგურჰესი" მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

აღნიშნული პროცესი, ელექტრომომარაგების კუთხით, მოსახლეობას დისკომფორტს არ შეუქმნის", განაცხადეს კომპანიაში.

„ენგურჰესი“ კავკასიაში ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგურია, ის 1970-იან წლებში აშენდა და ამ ტიპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თაღოვანი კაშხალია მსოფლიოში. ამ დროისათვის საწარმოს დადგმული სიმძლავრე 1300 მეგავატია, რაც ელექტროენერგიაზე საქართველოს მოთხოვნის ნახევარს აკმაყოფილებს. „ენგურჰესის“ კაშხალი ქართული ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, მისი მართვის პულტი კი აფხაზურ მხარესაა.