საზოგადოება
ანრი ოხანაშვილი: აღსაშფოთებელია ის, რომ ხდება მოწოდება, ბაღებსა და სკოლებში ასწავლონ, რას ნიშნავს გენდერი, ასწავლონ ის, რომ ბავშვი თუ ბიჭად ან გოგოდ დაიბადა, ეს სულაც არ ნიშნავს ამას

 საქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. თუკი რამეა აღსაშფოთებელი, აღსაშფოთებელია ის, რომ ბაღებსა და სკოლებში ხდება მოწოდება, არასრულწლოვანებს ასწავლონ თუ რას ნიშნავს გენდერი, ასწავლონ ის, რომ ბავშვი თუ ბიჭად ან გოგოდ დაიბადა, ეს სულაც არ ნიშნავს ამას - ამის პროპაგანდაზე სერიოზული თანხა იხარჯება და შემოდის გრანტები, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.

ოხანაშვილი იმასაც ამბობს, რომ განსხვავებული ცხოვრების წესის მქონე ადამიანების კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებები დაცული იქნება.

"აღსაშფოთებელია სწორედ ის, რომ შემოდის იდეოლოგია, რომ ბავშვებს ბაღისა და სკოლის ასაკიდან უნდა ვუთხრათ, რომ სრულებით არაფერს ნიშნავს თუ ბიჭად ან გოგოდ დაიბადნენ და იმაზე იფიქრონ, რომ შეიძლება სხვანაირები იყვნენ და ეს არის ნორმალური.

როდესაც ამის პროპაგანდირება ხდება, ამაში სერიოზული თანხა იხარჯება და შემოდის გრანტები, ჩვენი საზოგადოების უმრავლესობისთვის ასეთი პროპაგანდის წახალისება მიუღებელია.

ჩვენ ამის პრევენციას ვახდენთ. რაც შეეხება ცხოვრების განსხვავებული წესს, ეს ნებისმიერი პირის არჩევანია. ვინმეს განსხვავებული ცხოვრების შეფასება ჩვენი ინტერესი არ არის, მით უფრო ვინმეს განსხვავებული ცხოვრების სტიგმატიზება.

განსხვავებული ცხოვრების მქონე პირების უფლებები ისევე უნდა იყოს დაცული, როგორც სხვა ნებისმიერი პირის. მათი კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებები დაცული იქნება. დისკრიმინაცია დაუშვებელია.

რაც შეეხება განსხვავებული ცხოვრების წესის პროპაგანდას, ჩვენთვის ეს მიუღებელია", - განაცხადა ოხანაშვილმა.

უმრავლესობამ კონსტიტუციური კანონის პროექტი “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ მოამზადა. პროექტი რვა პუნქტისგან შედგება და მთელი რიგი შეზღუდვებისა და აკრძალვების დაწესებას ითვალისწინებს.

კონსტიტუციური კანონის პროექტი პარლამენტში ჯერ არ დარეგისტრირებულა.