საზოგადოება
მამუკა მდინარაძე: გვინდა მივმართოთ აშშ-ის საელჩოს, რომ სანქციები, რომელიც მოსამართლეებს დაუწესდათ, მოეხსნათ

 საქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობა აშშ-ს საელჩოს მიმართავს, მოსამართლეებს სანქციები მოეხსნათ.

შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძე უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, ქართულ მხარეს ამ დრომდე არ მიუღია მტკიცებულება, რომელიც მოსამართლეების დასანქცირების რელევანტურობას დაადასტურებდა.

საპარლამენტო უმრავლესობის სახელით გვინდა, მივმართოთ ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის ადგილობრივ წარმომადგენლობას, საელჩოს, ქალბატონ ელჩს და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მისი ელჩობის დროს საკითხი ობიექტურად გადაწყდება, რომ დაიწყოს საუბარი და სანქციები, რომელიც აშშ-ს მხრიდან მოსამართლეებს დაუწესდათ, მოეხსნათ. ამ დრომდე არ გვინახავს მტკიცებულება, რომელიც ამ სანქციების რელევანტურობასაც კი დაადასტურებდა, არა თუ სანქცირების რაიმე პირობას და რეალურ საფუძველს.

ამავე დროს, მიგვაჩნია, რომ საქართველოში რამდენიმე მოსამართლე ყოველგვარი საფუძვლის გარეშე არის დასანქიცრებული, ეს ახალისებს სასამართლოს წინააღმდეგ იმ მდაბიო კამპანიას, რომელსაც „ენჯეო“ სექტორის რიგით წარმომადგენლები და „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სხვადასხვა განშტოებები მიმართავენ“, - განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი კატეგორიულია თავის მოთხოვნაში, მოეხსნათ სანქციები ქართველ მოსამართლეებს, ვინაიდან, მსგავსი სახის უსაფუძვლო გადაწყვეტილებები ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს.

"არათუ მტკიცებულება ვიხილეთ, არამედ საპირისპირო მტკიცებულების სახით მივიღეთ სტრასბურგის გადაწყვეტილება და ასევე იმ ცნობილ ფაქტთან ერთად, როდესაც ვიხილეთ ერთი ყოფილი და სამი მოქმედი მოსამართლის დასანქცირება, ამის შემდეგ პრაქტიკულად სანქცია დაედო ამასთან ერთად ლაშა ჩხიკვაძეს, რომელსაც სავიზო შეზღუდვა დაუწესეს და მას, როგორც მოსამართლეს, არ ეძლევა საშუალება, მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობებში. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ, ამ მოსამართლეებს მოეხსნათ სანქციები. მაგალითად, ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევაში სტრასბურგმა დაადასტურა, რომ მის მიმართ აბსოლუტურად უსაფუძვლო კრიტიკა იყო და რეალურად, ეს იყო ბულინგი. ალბათ, დღეს ყველას, ვინც ამაში ირიბი მხარდაჭერაც კი რაღაც ფორმით დააფიქსირა, ბოდიში აქვს მოსახდელი ამ ადამიანის და მისი ოჯახის წევრების წინაშე. მან თავად განაცხადა, რომ მისი შვილი გარკვეულ სამედიცინო დახმარებასაც კი საჭიროებს ამ ბულინგის გამო. წარმოუდგენელია, თან მართალი იყო და თან შენ და შენი ოჯახის წევრებს ისე გაბულინგებდნენ, რომ გარკვეული სამედიცინო ჩარევებიც კი სჭირდებოდეს ამის გამოსწორებას. ამ ყველაფერს ახალისებს ყველაფერი უსაფუძვლო, მათ შორის უსაფუძვლო სანქცირება, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისგან, როგორიც არის აშშ, რომელიც ჩვენთვის არის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი მეგობარი. შესაბამისად, თუ რაიმე შეიძლება ანტიამერიკულ, ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებდეს, ეს არის უსაფუძვლო გადაწყვეტილებები, როგორიცაა მოსამართლეთა დასანქცირება. ამიტომ, ჩვენ კატეგორიულები ვართ ამ თხოვნაში თუ მოთხოვნაში, რომ მათ მოეხსნათ სანქციები და არ მისცეს ჩვენმა მეგობარმა რომელიმე მდაბიო და ბოროტ სუბიექტს ამ ფაქტით მანიპულირების უფლება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, აშშ -მა ოთხ ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები 2023 წელს დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. სახელმწიფო დეპარტამენტმა განმარტა, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.